საზოგადოება
გაკვეთილების დროს ორი მასწავლებელი დერეფანში გველოდება - ნინოწმინდის პანსიონის ბენეფიციარები
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ პროკურატურიდან მიღებული ინფორმაციით, ნინოწმინდის პანსიონში ძალადობასთან დაკავშირებით არაერთი გამოძიება მიმდინარეობს, ვინაიდან პანსიონის დატოვების შემდეგ არაერთმა ბენეფიციარმა მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს.

ომბუდსმენი ეჭვობს, რომ დაწესებულების ხელმძღვანელობა სერიოზულ უფლებადარღვევებს მალავს, ვინაიდან ეს პანსიონი არის ერთადერთი ინსტიტუცია, სადაც კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან სახალხო დამცველის წარმომადგენლების შეხვედრას ბავშვებთან.

„ჩვენ ვაპირებთ მივმართოთ ყველა ეროვნულ და საერთაშორისო ორგანიზაციას და სახელმწიფო გახდება იძულებული შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები. ამასთან, გვაქვს ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაწყებული, რომლითაც სასამართლოს მივმართავთ. ჩვენ ბოლომდე მივყვებით ამ საქმეს და ყველაფერს ვიღონებთ, რათა მოვახერხოთ მონიტორინგზე შესვლა, იქ არსებული ვითარების შესწავლა და საბოლოოდ მივაღწიოთ ასეთი დიდი ტიპის ინსტიტუციების დახურვას“, - განაცხადა სახალხო დამცველმა.

აღსაზრდელები კი ამბობენ, რომ მათთან სოციალური მუშაკი სისტემატურად შედის. ბენეფიციარები ასევე ადასტურებენ, რომ სკოლაში აღმზრდელებს მიჰყავთ, იქ ელოდებიან და გაკვეთილების დასრულების შემდეგ უკან აბრუნებენ.

ნინო ლომჯარიას ნინოწმინდის პანსიონში ბავშვთა მდგომარეობის მონიტორინგისთვის უკვე თვეზე მეტია, რაც არ უშვებენ. მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაში მყოფ დაწესებულებაში 56 ბავშვი ცხოვრობს.

სახალხო დამცველი აცხადებს, რომ ნინოწმინდის პანსიონში განთავსებულ ბავშვებზე მზრუნველი და მათი უფლებების დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანო სახელმწიფოა, ხოლო სახელმწიფოს მხრიდან ასეთი ტიპის დაწესებულებების მონიტორინგს, კანონმდებლობის შესაბამისად, სახალხო დამცველის აპარატი დარგის სპეციალისტებისა და ექსპერტების ჩართვით ატარებს.
| Print |