საზოგადოება
აფეთქებისას დაზიანებული კორპუსის აღდგენის მოთხოვნით, დაზარალებულებმა ხელისუფლებას მიმართეს
რუსთაველის #99-ში მცხოვრები მოქალაქეები ახალციხის მერს და მოადგილეს შეხვდნენ. 24 ოჯახი და რესტორან "იმერეთის" მეპატრონე მრავალბინიანი საცხოვრებლის დროულ რეაბილიტაციას ითხოვს. როგორც ისინი ამბობენ, თვითმმართველობა ხუთი თვეა ჰპირდება, რომ კორპუსის გაწმენდითი და სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება, თუმცა ამ დრომდე ტერიტორია დამსხვრეული მინებისგან და ნანგრევებისგანაც არ გაუწმენდიათ.

"აქამდე ხმა არ ამოგვიღია, რადგან გვითხრეს მარტში დაიწყება აღდგენაო, მერე აპრილის ბოლოსო, მერე მაისშიო, მაგრამ ივნისი მოვიდა და არაფერი გაუკეთებიათ. ანტისანიტარიაა, ნგრევისას კანალიზაციის მილები დასკდა და ფეკალური მასები დაიღვარა, საშინელი სუნია. ნევროზი გვაქვს უკვე, მერიის მიმღებში ცოტა ხმას ავუწიეთ და გამოგვყარეს, მინდორში ხომ არ ხართო", - გვითხრეს მერიის წინ შეკრებილმა კორპუსის მაცხოვრებლებმა, სანამ მერი შეხვედრაზე მიიღებდა.

ლევან სამხარაულის ექსპერტთა ჯგუფმა კორპუსის მდგომარეობა არადამაკმაყოფილებლად შეაფასა. დასკვნის მიხედვით, ხუთსართულიან კორპუსში მაცხოვრებელთა დაბრუნება, მხოლოდ რეაბილიტაციის შემდეგ იქნება შესაძლებელი. შენობის გაწმენდითი სამუშაოების უსაფრთხოდ ჩასატარებლად პირველ რიგში უნდა მოხდეს დროებითი გამაგრებითი სამუშაოების ჩატარება - წერია დასკვნაში. ამავე დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ აფეთქება ბუნებრივი აირის მილმა გამოიწვია. მოქალაქეები ამბობენ, რომ თუ რეაბილიტაცია არ დაიწყება, ისინი ამორტიზებულ სახლში შევლენ და შედეგებზე პასუხისმგებლობას ადგილობრივ ხელისუფლებას დააკისრებენ.

"ზაფხულში მოვიკელით და კონსერვები გავაკეთეთ, სარდაფებში გვქონდა და ყველაფერი განადგურდა. როგორ გავიტანეთ ზამთარი არც კი ვიცით. გამოკეტილ სახლებში სარეცხის მანქანა, ტელევიზორი გვაქვს და უპატრონობით ფუჭდება ტექნიკა. პენსიონერი ვარ, მაცივარი განვადებით გამოვიტანე, ჯერ არ დამიფარავს და ალბათ გაფუჭდა",
- ამბობს რუსთაველის #99-ში მცხოვრები ერთ-ერთი ქალი.

შეხვედრა მედიისთვის დახურული იყო. დასრულების შემდეგ ახალციხის მერმა განაცხადა, რომ რეაბილიტაციისთვის პროექტი მზადაა და სამხარაულის ეროვნულ სააგენტოს ექსპერტიზისთვის მომავალ კვირაში წარედგინება. სამუშაოები კი დასკვნის მიღებისთანავე დაიწყება. 

სამხარაულის ბიუროში გვითხრეს, რომ პროექტის წარდგენის შემდეგ ექსპერტიზისთვის კანონმდებლობით, 30 დღეა განსაზღვრული, დაჩქარებული წესით განხილვის შემთხვევაში კი - 15 დღე.

ხუთსართულიანი კორპუსის სარდაფში აფეთქება 2020 წლის 24 დეკემბერს მოხდა. შემთხვევის შედეგად დაზიანდა კორპუსის სარდაფები და პირველ სართულზე განთავსებული რესტორანი. დაშავდა ორი პირი, რომელიც აფეთქების დროს სარდაფში იმყოფებოდა. ისინი ნანგრევებიდან მაშველებმა ამოიყვანეს.
11 ოჯახს, რომელსაც სხვა საცხოვრებელი არ ჰქონდა, ახალციხის მერიამ ბინები უქირავა. მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფისთვის, თვითმმართველობა ადგილობრივი ბიუჯეტიდან ყოველთვიურად 3 356 ლარს იხდის.

დაზარალებულის სტატუსს და ზარალის ანაზღაურებას ითხოვს რესტორან „იმერეთის“ მეპატრონე. ბექა ტაბიძემ სამცხე-ჯავახეთის პროკურატურას 25 მარტს მიმართა. ამბობს, რომ აფეთქების შედეგად მისთვის მიყენებული ზარალი 150 000 ლარზე მეტს შეადგენს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც გაზის ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
| Print |