საზოგადოება
ადრე გამოერეოდნენ პედაგოგები, რომლებიც მკაცრად ექცეოდნენ ბავშვებს - დეკანოზი ფილიპე
დეკანოზი ფილიპე აბაშიძე, რომელიც ნინოწმინდის ბავშვთა სახლში მუშაობს ამბობს, რომ ყოფილი აღსაზრდელების უკმაყოფილება მკაცრმა აღმზრდელებმა გამოიწვიეს, რომლებიც პანსიონში წლების წინ მუშაობდნენ. სასულიერო პირი, რომელთანაც ინტერვიუ 10 მაისს ჩავწერეთ ამბობს, რომ პედაგოგები, რომლებიც მკაცრად ექცეოდნენ ბავშვებს, დაწესებულებიდან მაშინვე დაითხოვეს.

დღეს, ხუთ ივნისს, სასამართლომ ნინოწმინდის პანსიონიდან ბენეფიციარების გამოყვანის გადაწყვეტილება მიიღო.

მანამდე კი, სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში, სავარაუდო დანაშაულებრივ ფაქტებზე გამოძიება ორი - ძალადობის და გაუპატიურების მუხლებით მიმდინარეობს. ამას ადასტურებს სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოც.

რამდენიმე აღსაზრდელი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ სახლში წასვლა უნდა. ასევე ადასტურებენ, რომ გაკვეთილების დროს აღმზრდელები სკოლის დერეფანში ელოდებიან.

სახალხო დამცველის აპარატმა პანსიონის მონიტორინგი მიმდინარე წლის 15 აპრილში ვერ მოახერხა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ მიმართვის საფუძველზე, გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტმა 7 მაისს გამოსცა დროებითი ღონისძიება, რითაც სახელმწიფოს დაავალა - დაუყოვნებლივ უზრუნველეყო შესაბამისი უფლებამოსილების მქონე მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანოების მიერ ნინოწმინდის პანსიონში ბავშვის უფლებრივი მდგომარეობის შემოწმება, თუმცა სახალხო დამცველის წარმომადგენლები არც მეორედ შეუშვეს.

პანსიონის ადმინისტრაცია ამას მეუფე სპირიდონის ლოცვა-კურთხევით ხსნის. სხალთის ეპისკოპოსი ამბობს, რომ ომბუდსმენს ბავშვთა სახლის შემოწმების უფლება არ აქვს.
| Print |