საზოგადოება
ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან 24 ბენეფიციარი გაიყვანეს
ნინოწმინდის პანსიონში ამჟამად 29 ბენეფიციარი იმყოფება, 24 მოზარდი გადაყვანილია ბიოლოგიურ ოჯახებსა და სახელმწიფო ზრუნვაში - აცხადებს სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დირექტორი. მერი მაღლაფერიძის თქმით, შეფასების პროცესი გრძელდება, პანსიონში 10-ზე მეტი სპეციალისტი მუშაობს. სოციალურ მუშაკებს კიდევ რამდენიმე დღე დასჭირდებათ.

მისივე განმარტებით, ამ პროცესში მთავარი ბავშვების კეთილგანწყობის შენარჩუნება და მჭიდრო კონტაქტის დამყარებაა. როგორც მერი მაღლაფერიძე ჟურნალისტებთან აცხადებს, ბენეფიციარებთან ჯგუფური და ინდივიდუალური გასაუბრებები მიმდინარეობს.

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი მზადაა, პანსიონში მედიის წარმომადგენლები შეუშვას. სასულიერო პირს ამისთვის საკუთარი პირობები აქვს.

პანსიონში შევიდნენ გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლები. UNICEF-ის განცხადებით, ბავშვები ოჯახურ გარემოში უნდა იზრდებოდნენ.

„იუნისეფი მზადაა დაეხმაროს მთავრობას დიდი ზომის ინსტიტუციებიდან ბავშვები ოჯახურ და თემზე დაფუძნებულ მზრუნველობაში გადაიყვანოს. ბავშვების ინსტიტუციებიდან გამოყვანისას საჭიროა სიფრთხილის დაცვა. ბავშვების ტრავმირების თავიდან ასაცილებლად პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს. საჭიროა დიდი ზომის ბავშვთა სახლებში მყოფი ბავშვების შეფასება, რის საფუძველზეც უნდა მოხდეს ბავშვების ოჯახურ და სათემო ზრუნვაში გადაყვანა და ამ პროცესში პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს ბავშვების საკუთარ ოჯახებში დაბრუნებას. აღნიშნულ პროცესში მხოლოდ ბავშვებთან მუშაობისა და კომუნიკაციის სათანადო ცოდნითა და უნარებით აღჭურვილი სპეციალისტები უნდა მონაწილეობდნენ“, - წერია UNICEF-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

სახალხო დამცველის აპარატმა პანსიონის მონიტორინგი მიმდინარე წლის 15 აპრილში ვერ მოახერხა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ მიმართვის საფუძველზე, გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტმა 7 მაისს გამოსცა დროებითი ღონისძიება, რითაც სახელმწიფოს დაავალა - დაუყოვნებლივ უზრუნველეყო შესაბამისი უფლებამოსილების მქონე მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანოების მიერ ნინოწმინდის პანსიონში ბავშვის უფლებრივი მდგომარეობის შემოწმება, თუმცა სახალხო დამცველის წარმომადგენლები არც მეორედ შეუშვეს.

პანსიონის ადმინისტრაცია ამას მეუფე სპირიდონის ლოცვა-კურთხევით ხსნის. სხალთის ეპისკოპოსი ამბობს, რომ ომბუდსმენს ბავშვთა სახლის შემოწმების უფლება არ აქვს.
| Print |