საზოგადოება
ნინოწმინდის ბავშვებისთვის - 13 ივნისს პარლამენტთან აქცია გაიმართება
პარლამენტის პლენარული სხდომის მიმდინარეობისას სამოქალაქო აქტივისტებმა მამუკა ჯუღელმა და ქრისტინა ჭელიძემ სხდომათა დარბაზში ფურცლები გადაყარეს. ფურცლებზე წერია - “რა ხდება ნინოწმინდის პანსიონში?“

სასესიო დარბაზში გადაყრილ ფურცლებზე ასევე მითითებულია აქციის შესახებ, რომლის გამართვაც 13 ივნისს, პარლამენტთან იგეგმება. როგორც მათ განაცხადეს, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში არსებულ მდგომარეობას პარლამენტის წევრებმა პასუხი უნდა გასცენ.

“სახელწიფო არის სრულიად უუნარო პანსიონში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით და ვერ ახდენს რეაგირებას. სამწუხაროდ, სხვა ფორმა მათ არ ესმით“, - განაცხადა მამუკა ჯუღელმა.

აქტივისტებს პლენარულ სხდომათა დარბაზი მანდატურებმა დაატოვებინეს. ამის პარალელურად, დღესვე საპროტესტო აქციის გამართვა დაიგეგმა.

ნინოწმინდის ბავშვებისთვის - 13 ივნისს პარლამენტთან აქცია გაიმართება. აქციის ორგანიზატორების თქმით, პარლამენტთან სიმბოლურად იმ პეტიციას დატოვებენ, რომელსაც 1-ელ ივნისს ხელი მოაწერეს.

აქტივისტები სახელმიწიფოსგან მოითხოვენ:

1. დაუყონებლივ შეუშვან სახალხო დამცველი პანსიონში. ასევე, ბავშვთა ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში და ბავშვთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები (40 ხელისმომწერი ორგანიზაცია)

2. ყველა ბავშვი გამოვიდეს პანსიონიდან

3. დაიხუროს დიდი ზომის ბავშვთა სახლები და უპირველეს ყოვლისა, ნინოწმინდის ბავშვთა სახლი

4. ნინოწმინდის პანსიონში ისევ რჩება 28 ბავშვი. სახელმწიფომ არ შეასრულა არც გაეროს ბავშვთა დაცვის კომიტეტის მოთხოვნა და არც თბილისის საქალაქო სასამართლოს დროებითი განჩინება, რომელშიც მოსამართლე გარკვევით მოითხოვს, დაუყონებლივ მოხდეს ყველა ბავშვის პანსიონიდან გაყვანა


ამის ნაცვლად, ბოლო დღეებია ვხედავთ საშინელ ზეწოლას საპატრიარქოს მხრიდან, როგორც ყოფილ, ისე ამჟამინდელ ბენეფიციარებზე. იქ დარჩენილი ბავშვებისთვის, მიმდინარე ქაოსური პროცესი არის საშინელი ფსიქოლოგიური წნეხი",- ნათქვამია განცხადებაში.
| Print |