საზოგადოება
კოვიდრეგულაციები, რომლის წინაშე ყველა თანასწორია, მაგრამ ზოგი უფრო თანასწორი
მეექვსე თვეა საქართველოში მცხოვრებ პირებს ღამით გადაადგილების უფლება შეზღუდული აქვთ. კანონდამრღვევისთვის ჯარიმა საკმაოდ სოლიდურია. რეგულაცია მხოლოდ ერთეულებზე არ ვრცელდება და ისინი, ძირითადად, ხელისუფლების წარმომადგენლები, ან მათთან დაახლოებული პირები არიან.

ტუმას ოგანჯიანი და არტუშ ჰაილევანიანი, 31 იანვარს, ქუთაისიდან ახალქალაქში ბრუნდებოდნენ. "კომენდანტის საათმა" ასპინძაში მიუსწრო. ავტომობილი პოლიციის მიმდებარედ გააჩერეს და დროებითი საშვის მოსაპოვებლად, მთავრობის ერთიან ცხელ ხაზზე დარეკვა სცადეს. პოლიციამ ჯერ ორივე დააჯარიმა, შემდეგ კი გადაადგილების უფლება მისცა.

ახალქალაქის მცხოვრებლებმა ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმის გაუქმება მოითხოვეს. საჩივარი დაკმაყოფილდა. სამართალდამცველების მიერ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (42(10)-ე მუხლი) მიხედვით შედგენილი ოქმები პოლიციამ თავადვე გააუქმა.

სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის გურამ ზესაშვილის დადგენილებაში წერია, რომ დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ მასალებში ჩანს მთავრობის ერთიან ცხელ ხაზზე, 144-ზე დაკავშირების მცდელობა. თუმცა, ეთნიკურად სომეხი მოქალაქეები 144-ის ნაცვლად, 114-ზე რეკავდნენ. რეგიონის პირველმა პოლიციელმა, ამ ფაქტის საფუძველზე, ორივე ოქმი გააუქმა.

„ხშირ შემთხვევაში, შეიძლება ითქვას, ყოველთვის, პოლიცია არ აკმაყოფილებს საჩივარს, რადგან თავიანთი დაწერილია ჯარიმა და ხომ არ იტყვიან რომ შევცდითო“, - ამბობს ნუგზარ სამარჯიშვილი. მის საადვოკატო პრაქტიკაში ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა, როცა მოქალაქეები კორონავირუსის გამო დაწესებული რეგულაციების დარღვევისთვის გამოწერილ ჯარიმებს ასაჩივრებენ. 2020 წელს ასეთი ექვსი, 2021 წელს კი ერთი საქმე ჰქონდა.

„კიდევ ერთი საქმე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სასამართლოში. საქმე ეხებოდა არასრულწლოვანს, რომელიც კომენდანტის საათის დარღვევისთვის დააჯარიმეს, მაგრამ მოსამართლემ ჯარიმა არ გამოიყენა და შენიშვნით შემოიფარგლა. ზოგი საქმე არ დაკმაყოფილდა, ზოგზე პასუხი დღემდე არ მოგვსვლია. ძალიან სამწუხარო პრაქტიკაა. სავარაუდოდ, სასამართლოს დირექტივა აქვს მიღებული, რომ პანდემიასთან დაკავშირებული ჯარიმები არ უნდა გააუქმონ. ძალიან არგუმენტირებული საჩივრები გვქონია, სადაც 100%-იანი უნდა დაეკმაყოფილებინათ, მაგრამ სასამართლომ უარი გვითრა“.

ადვოკატის თქმით, საქართველოს მთავრობის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს მოქალაქეები, უფრო ხშირად, 2020 წელს არღვევდნენ. საზოგადოებას აკრძალვების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა. განსაკუთრებით კი, არაქართულენოვან მოსახლეობას.

„საღამოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მეორე დღიდან მანქანაში მძღოლის გვერდზე მგზავრის დაჯდომა არ შეიძლებოდა. შეზღუდვის გამოცხადებიდან მეორე დღეს, დილით, სომეხი ეროვნების მოქალაქე, ბარსიგიანი, მანქანით იყო და მეუღლე გვერდით ეჯდა. მაშინ სომეხმა მოქალაქემ კი არა, მეც არ ვიცოდი ჯერ ამ შეზღუდვის შესახებ. ისე მოვიდა ჩემთან და ისე გავასაჩივრეთ ჯარიმა, რომ ვერ ხვდებოდა რატომ იყო დაჯარიმებული, რა არ მოეწონათ. არავის აუხსნია რატომ დაჯარიმდა 3 000 ლარით. გადასცეს ქვითარი, ზედ დაუწერეს მუხლები“. ადვოკატი ამბობს, რომ ამ საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

ტუმას ოგანჯიანის და არტუშ ჰაილევანიანის საჩივარი იმ სტატისტიკის ნაწილია, რომელიც სამცხე-ჯავახეთში სასამართლოებიდან გამოვითხოვეთ. 2020 წლიდან 2021 წლის 25 მაისამდე,რეგიონში არსებულ სასამართლოებში პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების დარღვევისთვის გამოწერილი 103 ჯარიმა გაასაჩივრეს. 45-მა მოქალაქემ ნინოწმინდასა და ახალქალაქში იჩივლა, 56-მა ფიზიკურმა და ორმა იურიდიულმა პირმა კი ახალციხის, ასპინძის, ადიგენის და ბორჯომის სასამართლოებს მიმართა. საჩივრები ეხება „კომენდანტის საათის“, 10 კაცზე მეტის შეკრების, ან მძღოლის გვერდით ჯდომის წესების დარღვევას.

"რაც შეეხება კონკრეტული დარღვევების რაოდენობას - აქვე გაცნობებთ, რომ მოთხოვნილი ინფორმაციის ცალკე აღრიცხვა და სტატისტიკურად დამუშავება არ ხდება, რის გამოც მოკლებული ვართ ამ ნაწილში დავაკმაყოფილოთ თქვენი მოთხოვნა“, - მოგვწერეს ახალციხის რაიონული სასამართლოდან, როცა ჩაშლილი ინფორმაცია მოვითხოვეთ.

ამავე წერილის მიხედვით, ახალციხის, ასპინძის, ადიგენისა და ბორჯომის სასამართლოებში მოსამართლემ 37 საჩივარზე იმსჯელა, დოკუმენტებში ხარვეზის გამო სამ მოქალაქეს განხილვაზე უარი უთხრა, 18 საჩივარი კი განსახილველია.

მოქალაქეებს, რომლებმაც იჩივლეს და იმათმაც, ვისაც არც კი დაურღვევია „კომენდანტის საათი“, უსამართლობის განცდა აქვთ. „მეცხრე არხთან“ საუბარში ბევრი ჩივის, რომ საქართველოში კანონის წინაშე ყველა თანაბარი არ არის.

ვახო ბერიძეს დაბადების დღე 23 თებერვალს აქვს. წელს პირველად დაარღვია ტრადიცია და იუბილე არ გადაიხადა. 25 წლის ახალგაზრდამ მეგობრებისგან მილოცვა მხოლოდ დისტანციურად მიიღო.

„რესტორანში წასვლას აზრი არ ჰქონდა, ცხრის ნახევარზე იკეტებოდა და 10 კაცზე მეტსაც ვერ დავპატიჟებდი. სახლშიც ვერ გადავიხადე, ჯერ ერთი რომ ხალხმრავლობას მოვერიდე, მერე მეორე, კომენდანტის გამო რვაზე უნდა დავშლილიყავით. ამიტომ გადავწყვიტე ამჯერად არ გადამეხადა“.

იმ დროს, როცა ვახო 25-ე დაბადების დღეს მშობლების და ბებიის გარემოცვაში ატარებდა, სამცხის მაჟორიტარი დეპუტატი პოლიტიკური გუნდის წევრებს მასპინძლობდა. ანტონ ობოლაშვილის თქმით , 23 თებერვალს 47 წლის გახდა (საბუთების მიხედვით, დაბადების დღე პირველ მარტს აქვს).თარიღის აღნიშვნისთვის კოვიდრეგულაციებს ხელი არ შეუშლია. ტელეკომპანია „მთავარმა“ გადაიღო, როგორ უმასპინძლა დეპუტატმა "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს, თბილისის მერ კახა კალაძეს მეუღლესთან ერთად, დეპუტატ ირაკლი ხახუბიას, ბიზნესმენ გიორგი ბარვენაშვილს.

„ჩვენი გუნდის წევრები ისედაც ყოველდღიურად ერთად ვართ, ხოლმე. ამიტომ იმის საშიშროება, რომ ვირუსის გადაცემა და დისტანციის არდაცვა... გამორიცხული იყო. ვინც იცოდა ჩემი დაბადების დღე, ის მოვიდა მოსალოცად. როდესაც სტუმარი სახლში მოდის, უკაცრავად, იმას ვერ ვეტყვი, რომ ვერ მიგიღებთ. არ დამირღვევია კანონი, არავინ არ გამიშვია სახლიდან, მხოლოდ და მხოლოდ წავიდა ის, ვისაც საშვი ჰქონდა. ვისაც საშვი არ ჰქონდა, ისინი დარჩნენ, ჩემთან იყვნენ დილამდე. ჩემი ძმა, ჩემი და, ოჯახის წევრები ვიყავით იქ“, - გვითხრა ანტონ ობოლაშვილმა. აქვს თუ არა საშვი კახი კალაძის მეუღლეს, ანუკი არეშიძეს, რომელმაც დეპუტატის სახლი კომენდანტის საათის დროს დატოვა, არ იცის.

„მე სტუმარს არ ვეკითხები, საშვი გაქვს თუ არა. კალაძე ცხოვრობს წყნეთში, გზად შემოიარა, მომილოცა და წავიდა, კობახიძე ცხოვრობს „კაკლებში“ (დასახლება), შესაბამისად, მომილოცა-წავიდა სახლში. ეს არ იყო წვეულება, ეს იყო დაბადების დღე, რომელსაც აღვნიშნავდი ოჯახში და მოვიდნენ მეგობრები. სულ რამდენიმე წუთით. ვისაც საშვი აქვს, რამდენიმე წუთით შემოვიდნენ და დაემთხვა ჟურნალისტების მოსვლა“.

საკანონმდებლო ორგანოს წევრი ამტკიცებს, რომ სახლში არავინ მიუწვევია. მას უხერხულობას არ უქმნის ის ფაქტიც, რომ მაღალი თანამდებობის პირებმა საშვი არასამსახურებრივი მიზნით გამოიყენეს.

დეპუტატის სტუმრებმა დაარღვიეს - საქართველოს მთავრობის დადგენილება, რომლის მიხედვითაც დაუშვებელია 10 კაცზე მეტი პირის თავყრილობა და შეზღუდულია ღამით გადაადგილება. თუმცა,როგორც დეპუტატი ამბობს, 23 თებერვალს არც ერთი სტუმარი დაუჯარიმებიათ.

სამაგიეროდ 22 თებერვალს, ღამით, პოლიციამ 21 საათიდან - დილის 5 საათამდე, გადაადგილების შეზღუდვის წესის დარღვევისთვის 2 000-ლარიანი ჯარიმა 99 ფიზიკურ პირს გამოუწერა.

შეზღუდვა არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლებსაც საშვი აქვთ. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში 160-მდე თანამშრომელია. 23:00 საათის შემდეგ გადაადგილების უფლება ექვს პირს აქვს. საშვი გამოწერილია ახალციხის მერის ზაზა მელიქიძის, მერის პირველი მოადგილის გურამ მელიქიძის, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე რუბენ კარაპეტიანის და კიდევ სამი მძღოლის სახელზე.

კითხვაზე, რაში იყენებენ მაღალჩინოსნები საშვს, მერიიდან ასე გვიპასუხეს:

„აღნიშნული პირების მხრიდან, ე.წ “კომენდანტის საათის'' დროს გადაადგილების საშვის გამოყენება ხდება, საჭიროებისამებრ”.

საგანგებო მდგომარეობა და შესაბამისად, ღამით გადაადგილების შეზღუდვა საქართველოში 2020 წლის 31 მარტს ამოქმედდა და 23 მაისს გაუქმდა. მოქალაქეებს ამ პირობებში 53 დღის გატარება მოუხდათ. მეორედ „კომენდანტის საათი“, რთული ეპიდსიტუაციის გამო, იმავე წლის 28 ნოემბერს დააწესეს და ექვს თვეზე მეტია მოქმედებს. (დღეს, 12 ივნისს, ღამის საათებში მოძრაობის აკრძალვის 197-ე დღეა).

მაჟორიტარი დეპუტატის ოჯახში გამართული თავყრილობა სახელმწიფოსთვის სამართლებრივ პრობლემას არ წარმოადგენს. თუმცა, იმავე წესის დარღვევა,ანუ 10-ზე მეტი ფიზიკური პირის თავშეყრა (იუბილეზე, ქორწილზე, ქელეხზე), 2 000-დან - 10 000 ლარამდე უჯდებათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს. სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურიდან მოგვწერეს, რომ 2020 წელს, შეზღუდვების ამოქმედებიდან 2021 წლის მაისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, 17 იურიდიული და 32 ფიზიკური პირი დააჯარიმეს.

„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში დაფიქსირდა 9 ფიზიკური და 2 იურიდიული პირის დაჯარიმების ფაქტი“, - წერილობით გვიპასუხა შრომის ინსპექციის სამსახურმა. იზოლაციის და კარანტინის წესის დარღვევისთვის ფიზიკური პირი 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირი 10 000 ლარით ჯარიმდება.

რესტორანში მოლხენისთვის - ფიზიკურ პირებს, მათი მასპინძლობისთვის კი იურიდიულ პირებს შრომის ინსპექციის გარდა, სამართალდამცველებიც აჯარიმებენ. მაგალითად, 10 აპრილს, ახალციხეში რესტორანი „ემიგრანტი“ შსს-ს თანამშრომლებმა 10 000 ლარით დააჯარიმეს. აკრძალვის მიუხედავად, კვების ობიექტი შაბათ-კვირას მუშაობდა.

თუმცა პოლიციელები, ძირითადად, იზოლაციის და კარანტინის, ასევე, პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტებს ავლენენ. შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ინფორმაციით, 2020 წლის მაისიდან - 2021 წლის მაისამდე, „კომენდანტის საათის“ დამრღვევი 16 864 ფიზიკური და 48 იურიდიული პირი გამოვლინდა. მათგან 594 სამცხე-ჯავახეთში (2020 წელი - 169, 2021 წლის იანვარ-აპრილი - 425). მათთვის გამოწერილი ჯარიმის ოდენობამ, 34 208 000 ლარი შეადგინა. 

პანდემიის პერიოდში, ყველაზე მეტი ჯარიმა ღია ან დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის გამოიწერა. რეგულაციის შემოღებიდან 2020 წლის იანვრის ჩათვლით, 80 329 ფიზიკური და 9 იურიდიული პირი დაჯარიმდა.

ეს ზუსტი ციფრი არ არის, ვინაიდან შინაგან საქმეთა სამინისტროში სამართალდარღვევათა ბაზის განახლება-რეორგანიზაცია მიმდინარეობს. უწყების წერილში ასევე ვკითხულობთ:
„სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტში რეალიზებულია მონაცემთა ცენტრალიზებულად შეგროვების მანუალური და ავტომატიზირებული მეთოდოლოგია, რომელთაც რეგისტრაციის სხვადასხვა პერიოდულობა, აგრეთვე სისრულისა და კორექტულობის განსხვავებული ხარისხი ახასიათებთ.

აქედან გამომდინარე, საინფორმაციო მასივების ცალკეული კატეგორიების მიხედვით, მონაცემთა შემდგომი დამუშავება წარმოებს მრავალჯერადად - პირველადი, შუალედური და შემაჯამებელი ანგარიშგების სახით“.

ექვსთვიანი უწყვეტი შეზღუდვის მერე, ღამით გადაადგილების აკრძალვის გაუქმება ჯერ კიდევ არ დგას დღის წესრიგში.მოქალაქეებს აქვთ განცდა, რომ „კომენდანტის საათი“ ეპიდემიური ვითარების დასტაბილურების ბერკეტი კი არა, მათ ხარჯზე ბიუჯეტის შევსების ეფექტური იარაღია. პროტესტი იმატებს იმის გამოც, რომ „კანონის წინაშე ყველა თანასწორია, მაგრამ ზოგიერთი - უფრო თანასწორია“.
| Print |