საზოგადოება
თუ ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვების გამოყვანის პროცესი შეჩერდა, ომბუდსმენი დაწესებულებაში მონიტორინგს განახორციელებს
სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, თუ უახლოეს დღეებში ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვების გამოყვანის და მათი ოჯახებში ინტეგრაციის პროცესი შეჩერდა, ომბუდსმენი დაწესებულებაში მონიტორინგს განახორციელებს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ბავშვები საკმაოდ სტრესულ გარემოში იმყოფებიან.

„ვინაიდან ბავშვებთან ბოლო კვირებისა და დღეების განმავლობაში იმყოფებიან სოციალური მუშაკები, ჩვენ არ გვინდოდა, რომ მათთვის დამატებით შეგვექმნა დაძაბული და სტრესული გარემო, ამიტომ, თავს ვიკავებდით კიდევ ერთი ვიზიტის განხორციელებისგან, თუმცა, თუ უახლოეს დღეებში დავინახეთ, რომ ბავშვების პანსიონიდან გამოყვანა, მათი ოჯახებში ინტეგრაციის პროცესი შეჩერდა და არ განხორციელდა ისე აქტიურად, როგორც ბოლო პერიოდში ხორციელდებოდა, მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ მონიტორინგი განვახორციელოთ. ამ წუთას ჩემი მონიტორინგის ჯგუფი აჭარაში იმყოფება და სხვა ბავშვთა დაწესებულებებს ამონიტორინგებს. როდესაც ისინი დაბრუნდებიან, ვითარებას შევაფასებთ და ბავშვების საჭიროებებიდან გამომდინარე დავგეგმავთ“, - განაცხადა ლომჯარიამ.

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონს ბოდბელი ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი (იაკობიშვილი) უხელმძღვანელებს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მეუფე სპირიდონმა ეპარქიაში დაბრუნება თავისი ნებით გადაწყვიტა.

პანსიონში ამ დრომდე 23 ბავშვი რჩება, რომლებიც სოციალური მუშაკების მეთვალყურეობის ქვეშ არიან.
| Print |