საზოგადოება
ნინოწმინდის პანსიონში დარღვევები გამოვლინდა, რომელზეც სასამართლო იმსჯელებს
სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს თანამშრომლებმა, მონიტორინგის შედეგად გამოვლენილ ხარვეზებზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეადგინეს და სასამართლოში გადააგზავნეს. სააგენტოს დირექტორი ზაალ კაპანაძე „მეცხრე არხთან“ ამბობს, რომ დაწესებულებაში სხვადასხვა სახის დარღვევა გამოვლინდა.

„ადმინისტრაციის მიერ წარმოდგენილი კვირის მენიუს მიხედვით, რიგ შემთხვევებში არ იყო სამკომპონენტიანი სადილი. ასევე არ იყო უზრუნველყოფილი ბენეფიციართა ჯგუფების დასვენება საქართველოს კურორტებზე წელიწადში მინიმუმ, 12 დღით. ტექნიკური ხარვეზები ჰქონდათ დოკუმენტაციის გამართულობასთან დაკავშირებით. მაგალითად, შინაგანაწესი არ მოიცავდა ყველა საჭირო პუნქტს, ადგილზე არ ჰქონდათ მთავრობის დადგენილება. დარღვეული იყო შშმ ბავშვთა განთავსების პროცედურა. შშმ ბავშვების შემთხვევაში ერთ ოთახში მაქსიმუმ, ოთხი ბენეფიციარი უნდა იყოს განთავსებული“.

სანებართვო პირობების დარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას 10 000 ლარამდე, სალიცენზიო პირობების დარღვევა კი 5 000 ლარამდე. რა სანქცია დაეკისრება პანსიონს - ამაზე სასამართლო იმსჯელებს.

ამის გარდა, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ პანსიონის ადმინისტრაციას ხარვეზების აღმოსაფხვრელად ერთთვიანი ვადა მისცა.

იმ შემთხვევაში, თუ განმეორებითი შემოწმებისას დარღვევები კიდევ დაფიქსირდება, სააგენტოს თანამშრომლები ისევ სამართალდარღვევის ოქმს შეადგენენ და სასამართლოში გააგზავნიან, ადმინისტრაციას კი პრობლემების მოსაგვარებლად ვადა ხელახლა მიეცემა. სამი შემთხვევის შემდეგ, დროებითი მმართველი დაინიშნება. ბოლო ეტაპი ლიცენზიის ჩამორთმევაა.

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს თანამშრომლები, სალიცენზიო პირობების შესამოწმებლად ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სამწლიანი პაუზის შემდეგ, ოთხ ივნისს შევიდნენ. კანონის მიხედვით, სააგენტოს შეუძლია მსგავსი დაწესებულება წელიწადში მაქსიმუმ, ერთხელ შეამოწმოს. თუმცა 2018 წლის შემდეგ სპეციალისტები პანსიონში არ ყოფილან.

სახალხო დამცველის აპარატმა პანსიონის მონიტორინგი მიმდინარე წლის 15 აპრილს ვერ მოახერხა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ მიმართვის საფუძველზე, გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტმა 7 მაისს გამოსცა დროებითი ღონისძიება, რითაც სახელმწიფოს დაავალა - დაუყოვნებლივ უზრუნველეყო შესაბამისი უფლებამოსილების მქონე მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანოების მიერ ნინოწმინდის პანსიონში ბავშვის უფლებრივი მდგომარეობის შემოწმება, თუმცა სახალხო დამცველის წარმომადგენლები არც მეორედ შეუშვეს.

პანსიონის ადმინისტრაცია ამას ყოფილი დირექტორის, მეუფე სპირიდონის ლოცვა-კურთხევით ხსნიდა.
| Print |