საზოგადოება
1-ელი ივლისიდან Wizzair-ი ქუთაისიდან ფრენა 6 მიმართულებით განაახლა
პირველი ივლისიდან დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტში ბაზირებულ საჰაერო ხომალდს აბრუნებს. საქართველოდან ევროპის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული რეისები კიდევ ექვსი მიმართულებით შესრულდება - მილანი, პრაღა, ათენი, სალონიკი, ლარნაკა, მემინგენი.

პირველ ეტაპზე, ეპიდსიტუაციიდან და ევროპის ქვეყნებში არსებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე, მილანის, პრაღის, ათენის, სალონიკის, ლარნაკასა და მემინგენის მიმართულებით ქუთაისიდან პირდაპირი რეგულარული რეისები კვირაში ერთხელ შესრულდება.

ამ ეტაპზე, უნგრული დაბალბიუჯეტიანი კომპანია ქუთაისიდან ვარშავის, რიგის, ვილნიუსის, დორტმუნდის, კატოვიცეს, გდანსკის, ვროცლავის მიმართულებით დაფრინავს.

Wizzair-ს საქართველოში ფრენები წელიწადზე მეტ ხანს ჰქონდა შეწყვეტილი. მაშინ, როცა ქვეყანა მწვანე ზონაში იყო, ავიაკომპანიას საქართველოს მთავრობა არ აძლევდა ფრენის უფლებას და აცხადებდა, რომ ქვეყანა ამისთვის მზად არ იყო. ამის გამო, ავიაკომპანიამ ქვეყანაში ბაზა დროებით დახურა.

| Print |
თეგები: Wizz Air / აეროპორტი /