საზოგადოება
ახალციხეში ტამიშის ბრძოლაში დაღუპულები გაიხსენეს
დღეს, ორ ივლისს ტამიშის ბრძოლიდან 28 წელი გავიდა. ომის მონაწილეები და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები ახალციხის ცენტრალურ პარკში, გმირთა მემორიალი  ყვავილებით შეამკეს და ბრძოლაში დაღუპულებს პატივი მიაგეს.

ტამიშის ბრძოლაში დაღუპულებს შორის სამი ახალციხელია. გიორგი ჯაფარიძე და თამაზ თათოშვილი ორ ივლისს, თემურ კაჭკაჭაშვილი კი სამ ივლისს მოკლეს. კიდევ ორი მებრძოლი გარდაიცვალა ტამიშის ბრძოლიდან ორ დღეში - აკაკი გორელიშვილი და გელა ჯანაშვილი. 

1993 წლის 2 ივლისს, 05:00 საათზე, დაბა ტამიშთან, რუსეთის სამხედრო ხომალდმა 600-კაციანი საზღვაო დესანტი გადმოსხა. პირველი დარტყმა ტამიშში, ლაბრასა და ზემო კინდღში განლაგებულმა ქართულმა ქვედანაყოფებმა მიიღეს. დესანტთან ერთად, აფხაზური ფორმირებები და ჩრდილო-კავკასიელი კონფედერატებიც გააქტიურდნენ. მტერმა, ქართული შენაერთების ნაწილს, ჩრდილოეთიდან, ტყვარჩელის მიმართულებიდან შეუტია. შეტევა იმდენად მოულოდნელი იყო, რომ პოზიციაზე მყოფი თითქმის ყველა ქართველი ჯარისკაცი ემსხვერპლა. ბრძოლაში ჩაერთო იმ დროისთვის ქვეყანაში არსებული ყველა ქართული, საბრძოლო შენაერთი.

ქართულმა მხარემ რამდენიმედღიანი ბრძოლის შედეგად, 300-მდე მებრძოლი დაკარგა.
| Print |