საზოგადოება
ძალადობრივი ჯგუფების თავდასხმის შედეგად, აქციაზე 20-მდე ჟურნალისტი დაშავდა
რუსთაველზე “თბილისი პრაიდის” მოწინააღმდეგე რადიკალური ძალადობრივი ჯგუფები ჟურნალისტებს თავს დაესხნენ. დაშავებულია მედიის ათობით წარმომადგენელი და დაზიანებულია ტექნიკა. მაუწყებლების მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ აქციაზე შეკრებილები სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ ჟურნალისტებს და ტერიტორიის დატოვებას აიძულებენ.

ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლები ჟურნალისტსა და ოპერატორს თავს დაესხნენ და დაუმტვრიეს აპარატურა "ტვ პირველის", "ფორმულას", "პალიტრანიუსის" მთავარი არხის", "საზოგადოებრივი მაუწყებლის", "ტაბულას", "რუსთავი 2-ის", "იმედის", "ნეტგაზეთის", On.ge-ს გადამღებ ჯგუფებს. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსთაველის გამზირზე მედიის წარმომადგენლებზე ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლისა ( სსკ-ის 154-ე) და ძალადობის (126-ე) მუხლებით დაიწყო.

უწყებაში ამბობენ, რომ რუსთაველის გამზირზე პოლიციის თანამშრომელთა რეაგირების შედეგად მედიასაშუალებების წარმომადგენლები ამ ეტაპზე უსაფრთხო ადგილზე არიან განთავსებული. შსს-ის განცხადებით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტს პოლიციის მხრიდან მკაცრი და მყისიერი რეაგირება მოჰყვება.

მომხდარის გამო, „თბილისი პრაიდმა“ გაავრცელა განცხადება, რომ „ღირსების მარში“ დღეს აღარ შედგება. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, გამოცხადებულია ომი სამოქალაქო საზოგადოების, დემოკრატიული ღირებულებებისა და ქვეყნის ევროპული კურსის წინააღმდეგ.
| Print |