საზოგადოება
ორშაბათიდან ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარია დაიწყება - როგორია პირობები და საპრიზო ფონდი
მთავრობა ვაქცინაციის წამახალისებელ ლატარიას იწყებს - ამის შესახებ უწყებათშორისო საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერატიული შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ღიბრაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ლატარიაში მონაწილებას როგორც სრულად, ასევე ერთჯერადად აცრილი პირებიც მიიღებენ და ლატარიის კომპანია, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ყოველდღიურად ვაქცინირებული პირებისთვის ფულად ჯილდოებს გაათამაშებს.

"ჯამური საპრიზო ფონდი 2.8 მლნ ლარს შეადგენს. ლატარია წლის ბოლომდე ყოველდღიურ რეჟიმში გათამაშდება. ყოველდღიურის გარდა იქნება ყოველკვირეული შემაჯამებელი გათამაშება; იქნება სხვადასხვა საპრიზო ფონდები - 100 და 500 ლარი გათამაშდება ყოველდღიურად. ყოველკვირეულად კი 1 000, 1 500, 5 000 და 10 000 ლარის ოდენობის ჯილდოები გათამაშდება. შემაჯამებელი გათამაშება წლის ბოლოს გაიმართება და მისი საპრიზო ფონდი 100 000 ლარი იქნება.

ლატარიის კომპანია შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოავლენს გამარჯვებულებს და გადასცემს მათ პრიზებს. ლოტოტრონის პრინციპით მხოლოდ საბოლოო გათამაშება იქნება, თუმცა სხვა ტექნიკურ დეტალებზე ლატარიის კომპანია გააკეთებს განცხადებას“,
- განაცხადა ღიბრაძემ.

| Print |