საზოგადოება
საქალაქო ტრანსპორტის გაუმჯობესების გეგმაზე საკრებულო იმუშავებს
საქალაქო ტრანსპორტის საკითხს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო შეისწავლის და დოკუმენტაციას მოამზადებს. საკითხზე დღეს, 14 სექტემბერს საკრებულოს მეათე სხდომაზე იმსჯელეს. ხმათა უმრავლესობით გადაწყდა, რომ საზოგადოებრივი ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ, საკრებულოში შეტანილ პეტიციას, რომელსაც 500-მდე ადგილობრივი აწერს ხელს, ინფრასტრუქტურის კომისია განიხილავს. წარმომადგენლობითი ორგანო, მუშაობისთვის დარჩენილ ერთ თვეში შეაგროვებს დოკუმენტაციას, მოიწვევს სპეციალისტებს, პროექტზე მუშაობას კი ახალი მოწვევის საკრებულო დაასრულებს.

საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, საქალაქო ტრანსპორტის მოწესრიგების გარდა, რასაც პეტიციის ხელმომწერნი ითხოვდნენ, თვითმმართველობა განიხილავს სოფლების მიმართულებით მოძრავი ტრანსპორტის საკითხსაც.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ საკრებულოში პეტიცია ორ ივლისს შეიტანა. ხელისმომწერნი ამბობდნენ, რომ საქალაქო ავტობუსი არ არის გამართული, მოძრაობის განრიგი ხშირად ირღვევა, მუშაობას ასრულებს სამუშაო საათების დასრულებისთანავე.

ადგილობრივები წლებია ითხოვენ მუნიციპალური ტრანსპორტის მარშრუტების დამატებას და ავტოპარკის განახლებას. ადგილობრივი ხელისუფლება კი მუდმივად ამბობდა, რომ ამის ფინანსური რესურსი არ ჰქონდა. საკრებულოს თავმჯდომარის გელა ნოზაძის თქმით, დონორის თანადაფინანსების შემთხვევაში, ბიუჯეტიდან 350 000 ლარამდე დასჭირდება.

| Print |