საზოგადოება
თეთრუაშვილი შიშობდა, რომ მთავრობა მღვდლებს კოვიდით შეგნებულად დააინფიცირებდა - სუსის ფაილები
სუს-ის ფაილების მიხედვით, პატრიარქის მდივან-რეფერენტი, შორენა თეთრუაშვილი შიშობდა, რომ მთავრობას შესაძლოა კორონავირუსით სასულიერო პირები მიზანმიმართულად დაეინფიცირებინა. მისი ვარაუდით, ხელისუფლებას შესაძლოა ეკლესიის ავტორიტეტის შელახვის მიზნით შეექმნა ისეთი განწყობა, თითქოს ვირუსი ეკლესიიდან ვრცელდება. ტელეკომპანია ,,ფორმულას" ინფორმაციით, შს მინისტრის მოადგილე ტექსტში ცვლილებების შეტანას ცდილობდა.

,,საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელთან, დეკანოზ ანდრია ჯაღმაძესთან საუბარში პატრიარქის მდივან-რეფერენტმა, შორენა თეთრუაშვილმა უარყოფითად შეაფასა ის ფაქტი, რომ საპატრიარქოს მიერ ამა წლის (2020) 25 მარტს, კორონავირუსთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამოქვეყნებამდე შს მინისტრის მოადგილე კახა საბანაძე ცდილობდა ტექსტში ცვლილებების შეტანს, კერძოდ, ანდრია ჯაღმაიძეს სთხოვდა, საპატრიარქოს განცხადებაში ეთქვა, რომ ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მრევლმა თავი შეიკავოს ეკლესიაში მისვლისგან.

შორენა თეთრუაშვილის თქმით, სახელმწიფო არ უნდა ცდილობდეს ეკლესიის საქმეებში ჩარევას. მისივე განმარტებით, სახელმწიფომ შესაძლოა გააკეთოს ეკლესიის საწინააღმდეგო განცხადებები, ან ეკლესიის ავტორიტეტის შესალახად შეგნებულად დააინფიციროს რომელიმე სასულიერო პირი და შექმნას ისეთი განწყობა, თითქოს ვირუსი ეკლესიიდანაც ვრცელდება.

აღნიშნულ მოსაზრებას არ დაეთანხმა ანდრია ჯაღმაიძე და განმარტა, რომ ამჟამინდელი ხელისუფლება არ არის ეკლესიის მტერი და შექმნილ სიტუაციაში მთავრობის წარმომადგენლებს სურთ საპატრიარქოსთან თანამშრომლობა, თუმცა დავითგარეჯის საკითხის შემთხვევაში, საგარეო საქმეთა სამინისტრომ არ გააკეთა საპატრიარქოს მხარდამჭერი განცხადებები"
- ვკითხულობთ სუს-ის ფაილებში.

***

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ფაილებმა 13 სექტემბერს გაჟონა.

ფაილებიდან ირკვევა, რომ ქვეყანაში აყურადებენ და უსმენენ საპატრიარქოს წარმომადგენლებს, მღვდელმსახურებს, პატრიარქის მოსაყდრეს, მონაზვნებს და მათთან დაკავშირებულ პირებს. ჩანაწერების მიხედვით, უსმენდნენ საჯარო პირებს და ჟურნალისტებსა. ასევე, როგორც საელჩოების თანამშრომლებს, ისე უშუალოდ ელჩებს.

ჩანაწერები 2013-2021 წლებით თარიღდება.

ჩანაწერის ავთენტურობას ადასტურებენ ის ჟურნალისტები, პოლიტიკოსები და აქტივისტები, რომელთა გვარებიც ჩანაწერებში ფიგურირებს.

პროკურატურამ, სავარაუდოდ, სუს-ის მერ მომზადებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე დაიწყო.
| Print |