საზოგადოება
პანდემია - კიბოზე გამარჯვებული ქალების ახალი გამოწვევა
„ძალიან რთულია, როცა ფაქტის წინაშე აღმოჩნდები. მიგაჩნია, რომ ცხოვრება დამთავრდა და სამყარომ შენთვის არსებობა შეწყვიტა, მაგრამ ასე ნამდვილად არ არის, უნდა იბრძოლო და ყველაფერი დამთავრდება კარგად“, - ეს არის ონკოპაციენტის, თეა ზეინკლიშვილის რჩევა იმ ქალებს, რომლებსაც ახლა უწევთ კიბოს დიაგნოზთან შეგუება და გადამწყვეტი ბრძოლა სიცოცხლისთვის. 45 წლის ქალმა ეს ეტაპი ორი წლის წინ გაიარა.

მეორე სტადიის ავთვისებიანი კარცინომა - ამ დიაგნოზმა ფლორისტისა და მუსიკის პედაგოგის ცხოვრება თავდაყირა დააყენა. 2020 წლის დასაწყისში, როცა მსოფლიო კორონავირუსის პანდემიის პირველ ტალღას ებრძოდა, თეამ ძუძუს კიბო დაამარცხა. ქიმიოთერაპიის კურსი, ოპერაცია, სხივური თერაპია მისი ახლო წარსულის გრძელი და რთული გზაა საბოლოო გამარჯვებისკენ.

ოპერაცია 2020 წლის 7 მარტს გაიკეთა, პანდემიის დროს კვანძები ამოკვეთეს. პოსტ ოპერაციის პერიოდი ოჯახის წევრებთან ერთად, იზოლაციაში გაატარა. კორონავირუსი მისთვის, ისევე როგორც ყველა ონკოპაციენტისთვის, განსაკუთრებით საშიში იყო.

თეა ახალციხის სოფელ კლდეში ცხოვრობს. 15 წელია ახალციხის #6 ბაგა-ბაღის მუსიკის მასწავლებელია. პანდემიის გამო სამსახურიდან გამოთავისუფლებულ დროს შინამეურნეობას, ყვავილების მოვლას და საოჯახო საქმეებს ახმარს.

პანდემიის პერიოდში ონკოპაციენტებს მეორე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოუწიათ - ვაქცინაცია. თეამ ამჯერადაც სიცოცხლე არჩია და „ფაიზერის“ უკვე მეორე დოზაც გაიკეთა.

„თანმდევი დაავადებები, რომლებიც ჩვენს პრობლემას ახლავს, უნდა გადაჭრილიყო. კოვიდის შეხვედრის შემთხვევაში, შესაძლოა, სავალალო შედეგამდე მივსულიყავი. გამოსავალი აცრაში დავინახე. გავესაუბრე ექიმს, მითხრა, რომ თუ ვფიქრობდი აცრას, უმჯობესი იყო ავცრილიყავი“.

აცრის საჭიროება განიხილეს კლუბშიც, რომელიც ონკოპაციენტებს აერთიანებს. აღმოჩნდა, რომ რამდენიმე ქალი უკვე აცრილიყო, ნაწილისთვის კი სტიმული თეა აღმოჩნდა.

“ზოგი აპირებდა, მაგრამ ზოგს ეშინოდა, მაგრამ ჩვენს გამოცდილებას რომ ვეუბნებოდით, რომ აცრის შემდეგ კარგად ვიყავით, სტიმულს ვაძლევდით და დარეგისტრირდნენ კიდეც. კითხვები ბევრია, ზოგს ეშინია, მეც მეშინოდა, მიმაჩნდა, რომ არ მქონდა ის მდგომარეობა, ეს აცრა ამეტანა. მაგრამ ორივე აცრამ მშვენივრად ჩაიარა“.

აცრასთან ერთად კლუბში მსჯელობდნენ ყველაფერზე, რაც ონკოპაციენტი ქალებისთვის მნიშვნელოვანი იყო. „გამარჯვებულ ქალთა კლუბი“ თეამ და ახალციხეში მცხოვრებმა კიდევ 13-მა ბენეფიციარმა პანდემიის დროს, 2021 წლის ივლისის დასაწყისში აღმოაჩინა. კლუბის მიზანია სარძევე ჯირკვლის კიბოს დიაგნოზის მქონე ქალების ფიზიკური და ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია, ასევე მათი რესოციალიზაციის ხელშეწყობა.

„ეს კლუბი ჩემთვის სტიმულია, როცა ადამიანი მეუბნება, მე ეს პრობლემა მქონდა და დავძლიე. ამ კლუბისგანაც ამას ველოდი, რომ პირველ რიგში, სულიერი თანადგომა და გამხნევებაა, რადგან კიბო განაჩენი არ არის. თუ ვიბრძოლებთ დავამარცხებთ“, - ამბობს თეა ზეინკლიშვილი.

„გამარჯვებულ ქალთა კლუბმა“ ახალციხელი ბენეფიციარებისთვის პროექტი „ონკოპაციენტთა გაძლიერება covid19-ის პანდემიის პირობებში“ დაიწყო. პროგრამა გულისხმობდა ფსიქოლოგის კონსულტაციას, პანდემიის სტრესთან გამკლავებას და საკუთარი პრობლემებისთვის თვალის გასწორებას. მეოთხე ტალღის დროს კვირაში ორი დღე თერაპიაზე ონლაინ იკრიბებოდნენ.

„ვსაუბრობდით, ვის რა დიაგნოზი გვქონდა, რა შეიძლებოდა, რომ ერთმანეთისთვის გაგვეზიარებინა, დაფინანსებებზეც ვსაუბრობდით. ამ შეხვედრებმა საკუთარი თავის სწორად მართვა გვასწავლა და რწმენა. ნატიფი მოტორიკა - ეს იყო ცომთან თამაში, უნდა გამოგვეძერწა მაგალითად, ფრინველი. ვინ როგორ ვხედავდით, ეს ძალიან გვეხმარებოდა, ჩანდა ყველას შინაგანი „მე“, ვინ როგორ ვაზროვნებდით. ერთმანეთს ძალას, გამბედაობას ვაძლევდით“, - იხსენებს თეა.
კლუბის წევრების შეხვედრა ონლაინ. ფოტო: გამარჯვებულ ქალთა კლუბის ფეისბუკ გვერდიდან.

პროექტი უკვე დასრულდა. ბენეფიციარებთან არტ-თერაპევტი მარი ქუთათელაძე მუშაობდა. ფსიქოლოგი ხუთი წელია ონკოპაციენტების სარეაბილიტაციო პროგრამაშია ჩართული. ამბობს, რომ ბენეფიციარებისთვის ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას და რეაბილიტაციას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც მკურნალობის, ისე მისი დასრულების შემდეგ, რეაბილიტაციის დროს. თერაპევტმა და ბენეფიციარებმა, პანდემიის დაწყების შემდეგ, ონლაინ „ოთახში“ გადაინაცვლეს.

„პირველ რიგში არის დაავადების შიში, უძლურების შეგრძნება. ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის კუთხით მუშაობა ეხმარებათ სწორედ იმაში, რომ შეცვალონ დამოკიდებულება, აიღონ პასუხისმგებლობა საკუთარ ჯანმრთელობაზე და შეძლონ ემოციურად მხნედ იყვნენ, იზრუნონ საკუთარ თავსა და ოჯახის წევრებზე. ამ ტიპის მუშაობა ხელს უწყობს ადამიანების ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციას“, - გვიხსნის ფსიქო-თერაპევტი.

„გამარჯვებულ ქალთა კლუბი“ პოსტოპერაციულ პერიოდში აღმოაჩინა ონკოპაციენტმა ლიკა გოცირიძემ, როცა თავი იჩინა გართულებებმა და გვერდითმა მოვლენებმა.

„ლიმფური ჯირკვლები რომ ამოიღეს, განვითარდა ლიმფოსტაზი, ხელი მქონდა შესიებული. არ ვიცოდი თავიდან ეს რა იყო, ოპერაციის შემდეგ აუცილებელია ვარჯიშები. ექიმმა მითხრა, რომ არსებობდა კლუბი, სადაც ვარჯიშები ტარდებოდა, ასე აღმოვაჩინე „გამარჯვებულ ქალთა კლუბი“. ბევრი მალავს დიაგნოზს, გვინდა, რომ ეს სტიგმა დავძლიოთ, კიბო არ არის განაჩენი. ჩვენი დევიზია, რომ ვიყოთ ისეთები, როგორებიც ვიყავით დიაგნოზამდე“.

„გამარჯვებულ ქალთა კლუბი“, 2009 წელს, თბილისში დაფუძნდა. შემდეგ თანდათან გაფართოვდა და ონკოპაციენტები თითქმის, მთელი ქვეყნის მასშტაბით გააერთიანა. დაარსებიდან 12 წლის შემდეგ კლუბი 800-ზე მეტ ქალს აერთიანებს.

მკურნალობამდე და ოპერაციის შემდეგ, ფსიქოლოგიური მხარდაჭერის გარდა, ბენეფიციარებს ურიგებენ პროთეზებს და აზღუდებს, ოპერაციის შემდეგ სთავაზობენ აუცილებელი ვარჯიშების ვიდეოგაკვეთილებს.

„კლუბის მიზანია ძუძუს კიბოს დიაგნოზით ნამკურნალევ და ნაოპერაციევ ქალთა ფიზიკური და ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია. ამაში სხვადასხვა გრანტიორები გვეხმარებიან. ახლა USAID-ის პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს ფსიქოთერაპევტის ონლაინ კონსულტაციები, ეს გულისხმობს ონკოპაციენტთა მედეგობის გაძლიერებას პანდემიის პირობებში. კლუბის წევრები ამბობენ, რომ გაიმარჯვეს კიბოზე. ქალები ებრძვიან სტიგმას, რომელიც არის საზოგადოებაში. ჩვენს კლუბში გაწევრიანებული ქალები არ უშინდებიან კამერებს, საკუთარ ისტორიებს ჰყვებიან ღიად, რადგან მიაჩნიათ, რომ ისინი სხვა ქალებს აძლევენ სტიმულს და ეუბნებიან - ჩვენ გადავრჩით და თქვენც გადარჩებით“, - გვიხსნის კლუბის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ლიკა ენუქიძე.

ქალებმა ერთხელ უკვე აჩვენეს, რომ ისეთ დიაგნოზთან ბრძოლა და გამარჯვება შეუძლიათ, როგორიც კიბოა. როცა გამოჯანმრთელებულები ძველი ცხოვრების დაბრუნებას ცდილობდნენ, მათთვის მეორე სირთულემ - პანდემიამ იჩინა თავი. ამბობენ, რომ ამასაც მოერევიან და გარკვეული პერიოდის შემდეგ იტყვიან, რომ ძუძუს კიბო და კორონავირუსი დაამარცხეს.

თეა ზეინკლიშვილს სამსახურში, საბავშვო ბაღში დაბრუნება სურს. მუსიკის მასწავლებელს მოენატრა აღსაზრდელები, მათთან მუშაობა, დილის გამამხნევებელი ვარჯიშები, სპორტული შეჯიბრებები და სადღესასწაულო ღონისძიებები. ორი წლის წინანდელი ცხოვრების დაბრუნებას ვერ შეძლებს, თუ საბავშვო ბაღში არ დაბრუნდება. ამიტომ ვირუსთან ბრძოლაში ისიც თავისებურად - აცრით ჩაება.

| Print |