საზოგადოება
ველოდებით ძალიან მკვეთრ მატებას, ამდენი ინფიცირებულის კონტაქტები, რა თქმა უნდა, მოიმატებს - მარინა ენდელაძე
ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების უფროსის მარინა ენდელაძის განცხადებით, ინფიცირების მაჩვენებლების კუთხით, ქვეყანაში ძალიან დრამატული სიტუაციაა და მოსალოდნელია, რომ ეს მაჩვენებელი მკვეთრად მოიმატებს.

,,ველოდებით ძალიან მკვეთრ მატებას, ამდენი ინფიცირებულის კონტაქტები, რა თქმა უნდა, მოიმატებს. ასეთი ზრდა ინფიცირების მაჩვენებლების თითქმის პიკის დროს იყო. თუ ასე გაგრძელდება, უფრო მეტად გაგვიჭირდება. ძალიან რთული იქნება ეს ყველაფერი მედპერსონალისთვისაც. როდესაც ჩახედავ თვალებში პაციენტს, რომელსაც ძალიან უჭირს, მაშინ აღარ იქნება კითხვის ნიშანი ვაქცინაციასთან დაკავშირებით, მაგრამ სამწუხაროდ, თუ პირადად არ შეეხოთ ეს ადამიანებს, რატომღაც ისე არ იჯერებენ,"- აცხადებს მარინა ენდელაძე.

რა რეალობა დადგება ქვეყანაში იმ შემთხვევაში, თუ ვაქცინაციის ტემპმა არ მოიმატა და უფრო მეტი ადამიანი არ აიცრა - მარინა ენდელაძის განცხადებით, ამის ფონზე სპეციალისტები ინფიცირებულთა მაჩვენებლის მკვეთრ მატებას ელოდებიან.

,,დღევანდელი მონაცემები მართლაც რომ საგანგაშოა. ახლა თითქოს ვამთავრებთ ამ ტალღას თუ იწყება ახალი, არ ვიცი და ამ პერიოდში ასეთი სერიოზული მატება ძალიან საგანგაშოა და ძალიან საყურადღებოა. ეს უკვე დაეტყო ჰოსპიტალურ სექტორს, ინტენსიური შემოსვლებია სტაციონარებში და საკმაოდ მძიმეები. ამ გართულებული ვითარების ფონზე, ნამდვილად მოიმატა პაციენტთა რაოდენობამ და თუ ასე გაგრძელდა, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მეტად გაგვიჭირდება,“ - აღნიშნავს მარინა ენდელაძე.

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების უფროსი სეზონური ვირუსების შესახებაც საუბრობს და არ გამორიცხავს, რომ ამ მხრივ ვითარება გართულდეს.

"წელს ძალიან სერიოზული სიტუაცია შეიძლება დადგეს, იმიტომ, რომ ზოგადად, როგორც წესი ასეა ხოლმე, რომ როცა ერთ წელს არ არის ვირუსი გავრცელებული, მეორე წელს უფრო მეტად არის," - ამბობს მარინა ენდელაძე.
| Print |