საზოგადოება
ახალციხეში პურის ფესტივალი გაიმართება
ახალციხის ციხეზე, 23 ოქტომბერს პურის ფესტივალი გაიმართება. ფესტივალი 12 საათზე გაიხსნება, სადაც ცალკე სივრცე ქართულ ხორბალს დაეთმობა. ფესტივალს ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“, სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციასთან ერთად ატარებს.

ღონისძიების მიზანია ტრადიციული და ადგილობრივი პროდუქტების, მათ შორის ადგილობრივი პურისა და ხორბლის პოპულარიზაცია, რეგიონის აგროტურისტული პოტენციალის საზოგადოებისათვის გაცნობა.

ხუთი საათის განმავლობაში ციხეზე მისული სტუმარი დაათვალიერებს და სურვილის შემთხვევაში დააგემოვნებს ადგილობრივ და ტრადიციულ პროდუქტებს, სხვადასხვა სახეობისა და ჯიშის ხორბალსა და გამომცხვარ პურს; ჩეჩილსა და ტენილ ყველს, ადგილობრივი პარკოსანი კულტურებისგან დამზადებულ კერძებს - ბიშს, ქადას, ჭირიხტას, ბაქმაზს, ტყლაპს, ჩირებს, თაფლს, ღვინოს, ლუდსა და სხვას.

ასევე გაიმართება ხელნაკეთი ნივთების გამოფენა/გაყიდვა. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ადგილობრივი მხატვრების ნამუშევრები; თიხის ჭურჭლის დამზადება და მოხატვა; ქვაზე და ხეზე კვეთა; თექა და ფარდაგების ქსოვა და სხვ.

ფოტოგამოფენა სახელწოდებით „სამცხე-ჯავახეთი - გვაქვს უთვალავი ფერითა.“

გთავაზობთ ფესტივალის განრიგს:

12:30-17:00 - კონცერტი ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების და და მოწვეული ბენდის მონაწილეობით;
13:00-13:30 - ნატურალური ქსოვილებით დამზადებული კოსტიუმების ჩვენება;
13:30-14:00 - თოჯინების თეატრის წარმოდგენა;
14:00-15:00 - თანამედროვე ცეკვების მასტერკლასი;
15:00-15:30 - იოგის მასტერკლასი I;
16:00-16:30 იოგის მასტერკლასი II;
17:00-17:20 „ნეიშენალ გეოგრაფიკი საქართველოს“ ფოტოკონკურსის - Yourshot საქართველოს (https://yourshot.nationalgeographic.ge) გამარჯვებულების გამოვლენა და დაჯილდოება;

17:00 ფესტივალის დახურვა.
| Print |