საზოგადოება
ვალელებს ისევ დაბინძურებული წყალი მიეწოდებათ
რამდენიმემილიონიანი პროექტის განხორციელების მიუხედავად, ვალეში სასმელი წყალი კვლად ადგილობრივების მთავარ პრობლემად რჩება. ქალაქის მაცხოვრებლები ამბობენ, რომ ონკანებში წყალი გრაფიკით მოდის, თანაც დაბინძურებული. ვალელების თქმით, დახმარებისთვის ადგილობრივ ხელისუფლებას არაერთხელ მიმართეს, თუმცა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში ამბობენ, რომ ამ პრობლემების შესახებ არაფერი იციან.

მინარევებისგან გასაფილტრად, ვალის მაცხოვრებლები ონკანს მარილიან სახვევს უკეთებენ და სასმელ წყალს ასე იმარაგებენ. გოგებაშვილის ქუჩის მაცხოვრებელი, ნაზი მანველოვი ამბობს, რომ ამ გზით ცდილობს მღვრიე და დაბინძურებული წყალი გაფილტროს და მოწამვლის საშიშროება თავიდან აიცილოს. პენსიონერმა ხალხური მეთოდით წყლის გაფილტვრა მაშინ დაიწყო, როცა შემაჩინა, რომ ონკანს ჭუჭყი მოჰყვებოდა.

ვალელების მთავარი პრობლემის შესახებ მერის წარმომადგენელსაც მიმართა, რომელიც დახმარებას დაჰპირდა, თუმცა ამ დრომდე გოგებაშვილის ქუჩაზე პრობლემის გადასაჭრელად არავინ მისულა.

ნაზი მანველოვის გარდა, დაბინძურებული სასმელი წყლის გამო ჩივიან მისი მეზობლებიც. ვაჟა-ფშაველასა და თამარაშვილის ქუჩის მოსახლეობა ამბობს, რომ ონკანიდან ავსებულ წყალს ტექნიკური დანიშნულებით იყენებენ, სასმელად კი მაღაზიაში ყიდულობენ.

ვალეს ერთ-ერთ მაღაზიაში სასმელი წყლის გაყიდვებმა იმატა. მარკეტის კონსულტანტი ამბობს, რომ მღვრიე და დაბინძურებული სასმელი წყლის გამო, ადგილობრივები იძულებული არიან წყალი მათთან შეიძინონ და მხოლოდ სასმელად გამოიზოგონ.

ვალეს სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია სამი წელია მიმდინარეობს. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში ამბობენ, რომ ჯერ მხოლოდ პირველი ეტაპი დასრულდა, რომლის ფარგლებშიც რეაბილიტაცია ჩაუტარდა სათავე ნაგებობას, აშენდა რეზერვუარები, მოეწყო ჭაბურღილები და მაგისტრალური მილსადენი. გამრიცხველიანდა კერძო სახლები. კომპანიაში ირწმუნებიან, რომ სასმელი წყლის მონიტორინგი მუდმივად მიმდინარეობს და ის შეესაბამება რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

„ამ დროისთვის მიმდინარეობს, მეორე ეტაპის სამუშაოებზე ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება. წლის ბოლოსთვის გამოცხადდება მეორე ეტაპის პროექტირება-მშენებლობაზე ტენდერი, რაც მოიცავს დარჩენილი კორპუსების გამრიცხველიანებასა და სათავე ნაგებობაზე სანიტარული ზონის მოწყობის სამუშაოებს. სამუშაოების დასრულება იგეგმება მომავალი წლის ბოლოს. შედეგად, ვალეს მოსახლეობა სტაბილური, უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს“.

ვალელების პრობლემა მხოლოდ მღვრიე წყალი არ არის. ისედაც დაბინძურებული და სასმელად უვარგისი წყალი ხშირად, რამდენიმე დღის განმავლობაში წყდება. წყალმომარაგების კომპანიის სამუშაოების გამო, ადგილობრივებს სარდაფები ხშირად ეტბორებათ.


| Print |