საზოგადოება
25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა
25 ნოემბერი გაერო-ს გენერალურ ასამბლეას ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღედ აქვს გამოცხადებული. ამ დღის შემოღების მიზანია ცნობადობის ამაღლება იმ ფაქტის მიმართ, რომ ქალები მთელ მსოფლიოში ხდებიან გაუპატიურების, ოჯახში ძალადობისა და სხვა სახის ძალადობის მსხვერპლი. გარდა ამისა, ამ დღის ერთ-ერთი მიზანია მოცემული საკითხის მასშტაბისა და სინამდვილის წარმოჩენა, რაც ხშირად დამალული რჩება.

ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობა დღეს მთელ მსოფლიოში ადამიანის უფლებათა დარღვევის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და გამანადგურებელი ფორმაა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, მსოფლიოში ქალების ერთი-მესამედი ცხოვრებაში ერთხელ მაინც ხდება ძალადობის მსხვერპლი. ეს რიცხვი მხოლოდ აისბერგის წვერია, რადგან სხვადასხვა სტიგმის გამო, ამ ტიპის ძალადობა ხშირად გაუხმაურებელი რჩება. შედეგად, ბევრი მოძალადე დაუსჯელი რჩება.

1993 წელს გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ გამოსცა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის დეკლარაცია, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობას შემდეგნაირად განსაზღვრავს:

„გენდერული ნიშნით ძალადობის ნებისმიერი აქტი, რომელიც იწვევს ან სავარაუდოდ გამოიწვევს ქალების სექსუალურ ან ფსიქოლოგიურ ზიანს ან ტანჯვას. ასეთი ქმედებებიდან მომდინარე საფრთხეებს შორის არის თავისუფლების იძულებით ან თვითნებურად აღკვეთა, იქნება ეს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში“.

ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობის ფსიქოლოგიური, სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის გვერდითი შედეგები ქალებზე გავლენას ახდენს მთელი სიცოცხლის განმავლობაში.

ქალთა მიმართ ძალადობა კვლავაც ხელს უშლის თანასწორობის, განვითარებისა და მშვიდობის მიღწევას, ისევე, როგორც ქალებისა და გოგონების უფლებათა აღსრულებას.

გაერო-ს მონაცემებით, COVID-19-ის პანდემიის დაწყების შემდეგ გაძლიერებულია ყველა ტიპის ძალადობა ქალებისა და გოგონების მიმართ, განსაკუთრებით ოჯახში ძალადობა.
| Print |