საზოგადოება
მართვის მოწმობის რეალურ პირობებში ჩაბარების საფასური იზრდება
მართვის მოწმობის ასაღები თითო გამოცდის რეალურ მოძრაობაში ჩაბარების საფასური, 90 ლარი იქნება.

მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილე იმედა მაკასარაშვილმა განაცხადა, რომ არ იცვლება თეორიის გამოცდის ჩაბარების ღირებულება და ის იგივე - 40 ლარი იქნება.

„დახურული მოედნისთვის და თეორიული გამოცდისთვის საფასური არ იცვლება. კანდიდატი თეორიული გამოცდის ჩაბარების შემდეგ შეძლებს ხუთ უფასო გასვლას დახურულ მოედანზე და ამ კუთხით შეზღუდვა არ ექნება იმ საფასურში, რასაც დღეს იხდის. ხოლო, ქალაქის პირობებში, საფასური იცვლება და როგორც კანონში არის მითითებული, B და BE კატეგორიისთვის საფასური შეადგენს 90 ლარს ერთჯერადად გასვლაზე“,- განაცხადა იმედა მაკასარაშვილმა.

კანონპროექტი მესამე მოსმენით უკვე მიღებულია. ახლად დამტკიცებული რეგულაციებით კი, მართვის მოწმობის გამოცდა რეალურ მოძრაობაში B და BE კატეგორიებისთვის 2022 წლის 25 აპრილიდან იქნება სავალდებულო.
| Print |