საზოგადოება
ადიგენის, ასპინძის და ახალქალაქის მერიამ საახალწლო სამზადისისთვის ტენდერი გამოაცხადა
ახალქალაქის მერიამ საახალწლო განათებებისა და მომსახურების შესყიდვისთვის ტენდერი 40 000 ლარზე გამოაცხადა. მიმწოდებელმა საახალწლო დეკორაციების მიწოდება და მონტაჟი 25 დეკემბრამდე უნდა განახორციელოს. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მერია შეიძენს ქუჩის დეკორატიულ ლედ კონსტრუქციას - 7 ქოლგა და 6 სასაჩუქრე ყუთი, 16 ანგელოზი, 100 ცალი მანათობელი სტრინგი, ორი ცალი გარე ლაზერული პროექტორი, 20 ცალი ნაძვის ხის სათამაშო ბურთი, 10 ცალი ნაძვის ხის სათამაშო სანთელი, 400-მეტრიანი მრგვალი, მანათობელი დიოდური მილი და ერთი ცალი ქუჩის დეკორაცია რკინის კონსტრუქცია.

11 321 ლარი ასპინძის მუნიციპალიტეტისათვის საახალწლო აქსესუარების შესაძენად. თვითმმართველობამ საახალწლო სამზადისი გასულ თვეში დაიწყო და ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე 17 ნოემბერს გამოაცხადა. ელექტრონული ვაჭრობის შედეგად გამოვლენილმა გამარჯვებულმა საახალწლო მანათობელი აქსესუარებისა და გარე გამოყენების მანათობელი ლედ დეკორაციების მიწოდება 16 დეკემბრამდე უნდა უზრუნველყოს. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მერიამ უნდა შეიძინოს მანათობელი ლედ დეკორაცია - 14 ზარი, 10 ქოლგა, 10 ანგელოზი, 10 ყვავილი ვარსკვლავით, 64 ცალი სტრინგი, 200 ცალი მანათობელი დიოდური მილი და შვიდი მისივე შტეკერი.

7 150 ლარზე აქვს ტენდერი გამოცხადებული ადიგენის მერიას. დოკუმენტაციის მიხედვით, შერჩეულმა პრეტენდენტმა 2022 წლის შესახვედრად სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე ნაძვის ხის და საახალწლო გასანათებელი მოწყობილობების მონტაჟი და შემდგომ დემონტაჟი უნდა განახორციელოს. 

ახალციხის, ბორჯომის და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებს საახალწლო სამზადისისთვის ტენდერი ჯერ არ გამოუცხადებია.
| Print |