საზოგადოება
სახელმწიფო მინისტრი ახალციხეში მოსახლეობას შეხვდა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ახალციხეს სამუშაო ვიზიტით ეწვია. თეა ახვლედიანი სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და სოფელ ყულალისის, დიდი და პატარა პამაჯისა და ორალის სოფლების მოსახლეობას შეხვდა.

ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებმა სახელმწიფო მინისტრს საკუთარი ხედვები და მოსაზრებები გაუზიარეს სამოქალაქო თანასწორობის და ინტეგრაციის პოლიტიკის განხორციელების პროცესთან დაკავშირებით. შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, საუბარი და მსჯელობა შეეხო სხვადასხვა აქტუალურ თემებსა და მიმდინარე პროცესებს.

თეა ახვლედიანმა მოსახლეობას სამომავლო გეგმებთან ერთად, სახელმწიფო მინისტრის აპარატის ახალი ინიციატივები გააცნო და ვრცლად ისაუბრა სახელმწიფო ენის ცოდნის მნიშვნელობაზე, რაც სამოქალაქო ინტეგრაციის ძირითად საფუძველს წარმოადგენს. შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებით ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზეც. მინისტრმა ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მიმდინარე ვაქცინაციის პროცესის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ადგილობრივ მოსახლეობას სამედიცინო პირბადეები გადასცა.

სახელმწიფო მინისტრი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებსაც შეხვდა. სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულთან ბესიკ ამირანაშვილთან და მუნიციპალიტეტების მერებთან გამართულ შეხვედრაზე თეა ახვლედიანმა რეგიონული ვიზიტის მიზნებზე, ეთნიკური უმცირესობებით მჭიდრო დასახლებულ სოფლებში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრებისას, სამოქალაქო ინტეგრაციის პრიორიტეტებისა და COVID-19-ის პრევენციის მნიშვნელობის ჭრილში ისაუბრა და ამ კუთხით რეგიონში არსებულ ვითარებას გაეცნო.

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სახელმწიფო მინისტრის ვიზიტის ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები ასევე დაგეგმილია ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების სოფლებში.


| Print |