საზოგადოება
უმცირესობების სოფელი, რომელიც „არჩევნების შემდეგ თავის დარდებთან მარტო რჩება“
სოფელი ახალციხეში, სადაც სასმელი და სარწყავი წყლის, გზის, ტრანსპორტის, ბუნებრივი აირის უქონლობა ცხოვრებას კიდევ უფრო ართულებს. ეთნიკურად სომეხი მოსახლეობით დასახლებულ სოფელ წირაში ამბობენ, რომ მათ არავინ უსმენს, არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, ერთხელ მისულ კანდიდატებს კი მათი გასაჭირის არ ესმით. სხვაგვარად ვერ ხსნიან, რატომ არ მოგვარდა ერთი პრობლემა მაინც.

ეგიკიანების ექვსსულიანმა ოჯახმა შეშა შემოდგომითვე მოიმარაგა, ათას ლარამდე დაუჯდათ. ღუმელი და საშეშე მერქანი სოფელ წირაში გათბობის ერთადერთი საშუალებაა. დიასახლისმა მისივე ამოყვანილი ყველითა და კარაქით სახელდახელოდ ხაჭაპური ჩააცხო, ღუმელზე მოსახარშად კარტოფილი შემოდგა, საქსოვი ძაფები მოაგროვა - წინ გრძელი და მკაცრი ზამთარია, რომლის ყოველი დღეც ერთნაირია. ერთ შეხედვით, ყველაფერი ისეა, როგორც საქართველოს სხვა კუთხეში, თუმცა აქაურებს გაცილებით მეტი პრობლემა აქვთ, ვიდრე თუნდაც, მეზობელი სოფლის მაცხოვრებლებს.

„სოფელში სამუშაო არ არის. სახლში ექვსნი ვართ, აქედან მუშაობს მარტო ჩემი შვილი, ხელოსანია. სოფელში რომ სამუშაო იყოს, ჩემი რძალიც იმუშავებს, მეც ვიმუშავებ, მაგრამ არ არის. ჩვენ პენსიას ვიღებთ და არ გვყოფნის, ყველაფერი გაძვირდა, ფქვილი ძვირია, საკვებ-პროდუქტი ძვირია, პრობლემა ბევრია. ორი ძროხა გვყავს, რძეს და ყველს ვაკეთებთ, მანქანებით პროდუქტი რომ მოაქვთ, ვცვლით ბრინჯზე, მაკარონზე, შაქარზე“, - ამბობს ალვარდ ეგიკიანი.

წირა ზღვის დონიდან 1 300 მეტრზე მდებარეობს. სოფელი ქალაქ ახალციხიდან რვა კილომეტრით არის დაშორებული. შვიდი წლის წინ ჩატარებული საყოველთაო აღწერის მიხედვით, სოფელში 451 ადამიანი ცხოვრობს. ეს ციფრი სეზონური სამუშაოების დროს მცირდება. სოფელში ხუთი წელია საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ დადის. მოსახლეობა წუხს, რომ კილომეტრების გავლა ხშირად, ფეხით უწევთ.

სოფელში შემოსავლის ერთადერთი წყარო მიწათმოქმედება და მესაქონლეობაა. ადგილობრივები ამბობენ, რომ სარწყავი წყლის არქონის გამო, მოსავალს თითქმის, ვერ იღებენ. არადა, სოფლის პროდუქტების რეალიზაციიდან მიღებული თანხით ოჯახი მთელი წელი უნდა არჩინონ.

სოფელში პრობლემებს რა დალევს, თუმცა ადგილობრივებს ხელისუფლების უყურადღებობა ყველაზე მეტად აწუხებთ. ამბობენ, რომ თვითმმართველობა წირას წინასაარჩევნოდ სტუმრობს, შემდეგ არჩევნებამდე კი თითქმის, არავინ მიდის.

„მხოლოდ არჩევნების დროს მოდიან, გვითხარით რა გიჭირთო, ჩვენც ვეუბნებით, მივდივართ არჩევნებზე, დასრულდება და არავინ ფიქრობს სოფლის პრობლემაზე. არავინ გვეკითხება რით ვცხოვრობთ. მარტო არჩევნებზე მოდიან, კითხვებს გვისვამენ, მერე სოფელი რჩება თავის დარდებთან ერთად. 40 წელია მე აქ ვცხოვრობ და წყლის პრობლემა სულ არსებობს. შარშან წყალი გაიყინა, სათლებით ხევიდან მოგვქონდა, თოვლს ვადნობდით, ძროხებისთვის რომ მიგვეცა“, - გვითხრა ალვარდ ეგიკიანმა.

ახალციხის მერი, ისევე როგორც მისი წინამორბედები, სოფელში წინასაარჩევნოდ ავიდა. ირაკლი ლაზარაშვილი ამბობს, რომ გამარჯვების შემდეგ წირაში არ ყოფილა. მუნიციპალიტეტის პირველი პირი 2022 წელს მოსახლეობას ბევრს ვერაფერს ჰპირდება. იმედოვნებს, რომ მომავალ წელს ქალაქთან დამაკავშირებელი რამდენიმე კილომეტრიანი გზის ამორტიზებული ნაწილი მოწესრიგდება. რაც შეეხება დანარჩენ პრობლემებს - ლაზარაშვილმა არ იცის, როდის გაუმჯობესდება ადგილობრივების საცხოვრებელი გარემო.

სოფელში ინფრასტრუქტურის გარდა, სეზონურ სამუშაოებზე წასული ახალგაზრდების ბედზეც წუხან. მოსახლეობა ამბობს, რომ თითქმის ყველა შრომისუნარიანი მამაკაცი რუსეთში მიდის. ამ დროს სოფელში ქალები, ბავშვები და მოხუცები რჩებიან. არც ამ ქვეყანაში მუშაობა და ოჯახის რჩენაა მარტივი. ადგილობრივებს ურჩევნიათ, რომ შესაბამისი პირობები ჰქონდეთ და სოფლის მეურნეობით საკუთარ ქვეყანაშივე დაკავდნენ.
| Print |