საზოგადოება
როგორ უნდა დავიბრუნოთ ძველი წონა ახალი წლის შემდეგ? -ექსპერტების რჩევები
საახალწლო სუფრის შედეგია ზედმეტი კილოგრამები და წელის არეში დამატებითი ნაკეცები, რომელთაგანაც გათავისუფლება არც ისე მარტივია. სწორედ ამიტომ ბევრი ჩვენგანი, ვინც საკვებისა და ალკოჰოლის მიღებისგან თავი არ შეიზღუდა, ფიგურის მოწესრიგებას ახლა გააფთრებით ცდილობს. როგორ უნდა დავიბრუნოთ ძველი წონა? ამ თემაზე გერმანელი ექსპერტების რჩევები Deutsche Welle-მ მოამზადა.

უსმინეთ საკუთარ ორგანიზმს!

როგორც ბონის კვების ფედერალური ცენტრის დიეტოლოგი ნადია როვე საინფორმაციო სააგენტო dpa-სთან ინტერვიუში აღნიშნავს, ადამიანებს უკვე მობეზრდათ დაბალკალორიული და დაბალი ნახშირწყლების შემცველი პროდუქტები, ასევე სხვა სახის მკაცრი დიეტები. გარდა ამისა, ასეთი განტვირთვის დღეების ან თუნდაც კვირების შემდეგ, ზედმეტი კილოგრამების მომატება ძალიან ადვილია, რადგან ორგანიზმი დაკარგული დროის ანაზღაურებას შეეცდება და განმეორებითი „შიმშილობის“ შემთხვევაში, „რეზერვის“ გადადებას დაიწყებს. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ გერმანიაში სულ უფრო მეტი ექსპერტი ამჯობინებს სრულიად განსხვავებულ მიდგომას.

საუბარია ეგრეთ წოდებულ „ინტუიციურ კვებაზე“. ამ დროს ადამიანმა უნდა ისწავლოს საკუთარი სხეულის სიგნალების მოსმენა. მაგალითად, თქვენი სხეული თავად გეტყვით, როდის და რა უნდა ჭამოთ. ამაში კი მას დაეხმარება შიმშილის, მადისა და დანაყრების სიგნალები, რომლებიც ტვინში იგზავნება. დიეტოლოგები გირჩევენ, სერიოზულად მოეკიდოთ ამ რჩევებს და არ ჭამოთ ჭარბი ოდენობით საკვები და შეწყვიტოთ ეს პროცესი, როგორც კი სისავსეს იგრძნობთ.

უფრო მეტიც, როგორც ექსპერტები დიდი ხანია აღნიშნავენ, უნდა იკვებოთ ნელა, ღეჭოთ საფუძვლიანად და კონცენტრირდეთ თითოეულ ლუკმაზე, გემოსა და ტექსტურაზე. ადამიანი, რომელიც სწრაფად ჭამს, იღებს ბევრად მეტ საკვებს, ვიდრე რეალურად სჭირდება. ამის მიზეზი არის ის, რომ დანაყრების გრძნობა დაგვიანებით წარმოიქმნება. ეს კი საბოლოოდ აისახება როგორც თქვენს ფიგურაზე, ასევე - კუჭზე. პანკრეასის ფერმენტები ვერ უმკლავდებიან საკვების დაშლას და კუჭში არასაკმარისად დამუშავებული ფორმით შედიან, რაც გაცხომოვნებასა და დისბაქტერიოზს იწვევს.

არანაირი რადიკალური ზომები!

კვლევებმა აჩვენა, რომ „ინტუიციური კვების“ დახმარებით წონის დარეგულირების მეთოდი ბევრად უფრო ეფექტიანია, ვიდრე საკვების შეზღუდვის, კალორიების სკრუპულოზური დათვლისა და საკვების „მავნედ“ და „სასარგებლოდ“ დაყოფის ტაქტიკა. სხვათა შორის, „ინტუიციური კვების“ მოდელის მიმდევართა თეორიის მიხედვით, „მავნე“ პროდუქტები საერთოდ არ არსებობს. მათი აზრით, თითქმის ყველაფრის ჭამა შეიძლება, მაგრამ - ზომიერად.

ზოგადად, კვებაში საჭიროა ბალანსი. მაგალითად, სასურველი წონის შენარჩუნების მიზნით, თუ უარს იტყვით ცხიმებზე და მათ რაციონიდან ამოიღებთ, თქვენი ტვინისა და ნერვული სისტემის მუშაობაზე ეს უკიდურესად უარყოფითად აისახება. სერიოზული შედეგები შეიძლება გამოიწვიოს ტკბილეულის სრულად უარყოფამაც. მათ, ვინც ამას აკეთებს, ხშირად აღენიშნებათ თავის ტკივილი და თავბრუსხვევა.

უკვე ადამიანის დაბადების მომენტშიც კი მისი ორგანიზმი განსაკუთრებული ინტუიციით არის დაჯილდოებული. ეს ხელს უწყობს საკვების უტყუარ არჩევანს, რაც მოცემულ მომენტში აუცილებელია. შესაბამისად, კვების ექსპერტების მოსაზრებით, ვისაც სურს სწორად ჭამა, ამ ბუნებრივი ინტუიციის აღსადგენად ყველაფერი უნდა გააკეთოს.

მიბაძეთ ბავშვებს!

გერმანელი დიეტოლოგი უვე კნოპი ყურადღებით აკვირდებოდა ბავშვების ქცევას, რომლებმაც ამა თუ იმ დიეტის ან კვების სისტემის შესახებ არაფერი იციან. მათ უბრალოდ შეუძლიათ მოუსმინონ თავიანთ სხეულს, რომელიც ყოველთვის თავად გვეუბნება რა სჭირდება. ექსპერტების შეფასებით, ვისაც სწორად კვება სურს, უნდა დაემსგავსოს ბავშვს - უარი თქვას წონის კონტროლზე და მხოლოდ საკუთარ ორგანიზმს ენდოს.

თავის წიგნში - "ბავშვო, ჭამე ის, რაც მოგწონს!" ("Kind, iss was… dir schmeckt!") უვე კნოპი განმარტავს, თუ რატომ ურჩევნიათ პატარებს ესა თუ ის პროდუქტი. მაგალითად, ავიღოთ ბავშვების სიყვარული თეთრი პურის მიმართ. გამოდის, რომ ეს პროდუქტი ენერგიის დიდი წყაროა, რაც ბავშვის ზრდისთვის აუცილებელია. ამავდროულად, ბევრად უკეთ ხდება მისი მონელება, ვიდრე- ცეხვილი პურისა. ამასთანავე, მშობლები ხშირად აიძულებენ შვილებს ჭამონ მთელი ულუფა, რაც თეფშზეა. უვე კნოპი ასეთი დამოკიდებულების წინააღმდეგია. ექსპერტი დარწმუნებულია, რომ უნდა ჭამოთ ზუსტად იმდენი, რამდენიც ორგანიზმს სჭირდება. თუმცა თუ ადამიანი დილიდან საღამომდე მძიმე ფიზიკური შრომით არის დაკავებული, მაშინ, რა თქმა უნდა, მის თეფშზე მეტი საჭმელი უნდა იყოს, ვიდრე იმ ადამიანისა, ვინც ოფისში მუშაობს.

ნუ ამბობთ უარს ფასტფუდზე!

ინტუიციური კვების მთავარი წესი არის ის, რომ ჭამა შეგიძლიათ ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილზე. თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ შიმშილის ფიზიოლოგიურ გრძნობას განიცდით და არ ჭამთ შიმშილთან დაკავშირებული ისეთი ფაქტორების გავლენის ქვეშ, როგორიცაა სევდა, შფოთვა, სტრესი, ჯილდო კარგი მუშაობისთვის, მოწყენილობა.

უვე ნოპის აზრით, ადამიანს საკვების არჩევის სრული თავისუფლება ექვსი თვის ასაკიდან უნდა მიეცეს. ის თვლის, რომ ბავშვებს არ უნდა აეკრძალოთ დედის ან მამის თეფშიდან ჭამა და შეუძლიათ აირჩიონ ის, რაც მოეწონება, იქნება ეს კარტოფილის ნაჭერი, ბროკოლი თუ ბანანი. უფრო მეტიც, მრავალფეროვანი საკვები მუდმივად ხელმისაწვდომი უნდა იყოს – მათ შორის, ისეთი „აკრძალული“ საკვები, როგორიცაა ფასტფუდი.

დიეტოლოგის თქმით, როგორც პრაქტიკამ აჩვენა, როცა „აკრძალული“ საკვები აკრძალული აღარ არის, ადამიანი მის მიმართ ინტერესს კარგავს. ნებისმიერ შემთხვევაში, იმისათვის, რომ ზედმეტი არ ვჭამოთ, არჩევანი ყოველთვის უნდა გვქონდეს. ყოველივე ამის შემდეგ, რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, სიხარბეს იწვევს არა საკვების სიმრავლე, არამედ მისი არქონა.
| Print |