საზოგადოება
"ბაკურიანის პრობლემები ამოუწურავია" - რას გეგმავს კურორტის განვითარების სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი
„ბაკურიანიას განვითარების სააგენტოს“ ახალი ხელმძღვანელი კურორტის განვითარების მიზნით, არაერთი პროექტის განხორციელებას გეგმავს. ეკატერინე ორჯონიკიძის თქმით, არაერთი პრობლემაა მოსაგვარებელი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში დაგროვდა.

„პირველ რიგში, არის მიწისქვეშა კომუნიკაციები მოსაწესრიგებელი, წყალი, კანალიზაცია, ელექტროგადამცემი გაყვანილობა, ჩასატანია ესეც მიწის ქვეშ. მოსაგვარებელია ასევე ნარჩენების გატანის პრობლემა. ესეც მიწისქვეშა ურნებით უნდა მოწესრიგდეს. ამის შემდეგ, უნდა მოხდეს გზების რეაბილიტაცია. ამას ჰქვია თანმიმდევრული ინფრასტრუქტურა. სამწუხაროდ, გზები წელიწადში ორჯერ იგება-ხოლმე და მერე ხდება მისი გადათხრა, იმიტომ რომ მიწისქვეშა კომუნიკაციები არ არის წესრიგში. ამას მიჰყვება შემდეგ საპარკინგე სივრცეების მოწყობა, საფეხმავლო ლოკაციების მოწესრიგება, საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა უნდა ჩაანაცვლოს მთლიანად აქ ავტომობილების მოძრაობა. ასევე, მისაღებია რეგულაცია, რათა აიკრძალოს სასრიალო კურორტზე ზაფხულის საბურავებით გადაადგილება“ - აცხადებს სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი.

ეკატერინე ორჯონიკიძის ინფორმაციით, ასევე იგეგმება ყველა საბაგირო გზის ბაკურიანში გაერთიანება:

„მოხდება ყველა საბაგირო გზის ერთი „ქოლგის ქვეშ“ მოქცევა. ადამიანი რომ ავა კოხტაგორის ტრასაზე, აღარ ჩამოვა მიტარბში. იმას ავტომატურად შეეძლება, თხილამურებითვე დაუკავშირდეს ყველა საბაგირო ტრასას.

უდიდესი პროექტი, რომელიც უნდა დაიწყოს და განხორციელდეს, ეს იქნება 70 ჰექტარზე მეტი მიწის ათვისება ("წრიულს" ვეძახით ამ ადგილს), სადაც მოეწყობა ისეთი ატრაქციები, რომელიც დააკმაყოფილებს ოთხივე სეზონს, თავისი საპარკინგე სივრცეებით.

ბაკურიანის პრობლემები ამოუწურავია, ეს არის დიდი გამოწვევა პირადად ჩემთვის. ბედნიერი ვარ, რომ ჩემს გუნდთან ერთად, რომელსაც ჩამოვაყალიბებ, გარკვეულ წვლილს შევიტან მის განვითარებაში“
- აღნიშნავს „ბაკურიანის განვითარების სააგენტოს“ ახალი ხელმძღვანელი.

ეკატერინე ორჯონიკიძის ინფორმაციით, სააგენტო აღნიშნული პროექტების განხორციელებას სეზონის მიწურულს, თებერვლის ბოლოდან ეტაპობრივად გეგმავს.

"ბაკურიანის განვითარების სააგენტოს" ახალი ხელმძღვანელი კონკურსის წესით შეირჩა.

| Print |