საზოგადოება
ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკი 70 წელი იქნება
ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკი 70 წელი იქნება. ამასთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტრომ პარლამენტს განსახილველად “ნოტარიატის შესახებ“ კანონში ცვლილებები წარუდგინა.

მოქმედი კანონით, ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკი 65 წელია. ამასთან, იუსტიციის მინისტრი უფლებამოსილია, ნოტარიუსის განცხადების და ნოტარიუსთა პალატის დასაბუთებული რეკომენდაციის საფუძველზე მას უფლებამოსილების ვადა არაუმეტეს ხუთი წლით გაუგრძელოს, თუმცა კრიტერიუმები, რომელთა საფუძველზეც მინისტრი აღნიშნულ გადაწყვეტილებას იღებს, კანონით განსაზღვრული არ არის.

როგორც ამასთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტრო განმარტავს, პრაქტიკიდან არ ირკვევა, რომ ნოტარუსისთვის უფლებამოსილების ვადის გაგრძელების შესახებ იუსტიციის მინისტრის მიერ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღება სანოტარო საქმიანობის ადმინისტრირების თვალსაზრისით რაიმე მნიშვნელოვანი სიკეთის დაცვის მიზანს ემსახურება.

“აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილია, ერთიანი მიდგომა დაწესდეს და ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკი კანონით განისაზღვროს, მისი შემდგომი გაგრძელების შესაძლებლობის გარეშე“, - აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
| Print |