საზოგადოება
პროტესტის მეორე დღე - "მაქრო კონსთრაქშენის" თანამშრომლები და ხელმძღვანელები ისევ ვერ შეთანხმდნენ
აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებელი კომპანია "მაქრო კონსთრაქშენის" თანამშრომლები მეორე დღეა დასაქმების პირობებს აპროტესტებენ. მათი პრეტენზია კვლავ არასათანადო ანაზღაურებას, შრომის კოდექსის დარღვევასა და ზეგანაკვეთურ მუშაობას ეხება, რომელსაც კომპანია არ ანაზღაურებს.

მოლაპარაკების მიზნით, გაფიცულ თანამშრომლებს დღეს კომპანიის წარმომადგენლები შეხვდნენ. როგორც "მეცხრე არხს" "მაქრო კონსტრაქშენის" ერთ-ერთმა თანამშრომელმა განუცხადა, კომპანიამ მუშაობის გაგრძელება მათ იგივე პირობებით შესთავაზა, მხოლოდ სამუშაო საათების შემცირებას დაპირდა, რაზეც გაფიცულმა თანამშრომლებმა უარი განუცხადეს. ილია აფრიამაშვილის თქმით, კომპანიამ მათ მოსაფიქრებლად დრო ორშაბათამდე მისცა.

"დღესაც გაგრძელდა აქცია იგივე მოთხოვნებით. ისინი არ გვეუბნებიან, რომ არ ვიმუშავოთ. ორშაბათამდე მოსაფიქრებელი ვადა მოგვცეს. უარზე ვართ მაგ შეთანხმებაზე. ჩვენ მიზერულ თანხაზე ვუთხარით დამატება, 10 და 20 ლარის მომატება ვითხოვეთ ხელფასებზე და ამაზეც უარს გვეუბნებიან. ის დანაკარგი, რაც არის გადამეტებულ საათებზე, მაგაზე ხომ საერთოდ არ ამახვილებენ ყურადღებას" - ამბობს ილია აფრიამაშვილი.

,,მაქრო კონსთრაქშენის" თანამშრომლები ამბობენ, რომ ერთმანეთში იმსჯელებენ და ორშაბათამდე საერთო შეთანხმებას გააჟღერებენ.

შპს "მაქრო კონსთრაქშენი" აბასთუმანი-საირმე-ბაღდათის 16 კმ-იანი შემოვლითი გზის მშენებლობას ემსახურება.
| Print |