საზოგადოება
ბაკურიანში საბაგიროს გაჩერების მიზეზის დადგენა ჯერ კიდევ ვერ ხერხდება
ბაკურიანში, მიტარბის საბაგიროს ავარიულად გაჩერების მიზეზის დადგენა ჯერ კიდევ ვერ ხერხდება. 1 250 მეტრიან საბაგიროს ელექტრიკოსები დილიდან ამოწმებენ, ამის გარდა მიტარბში ელიან იმ კომპანიის ტექნიკურ ჯგუფს, რომელმაც საბაგირო დაამონტაჟა.

მიტარბის საბაგირო გუშინ, 6 თებერვალს გაჩერდა, მასზე მყოფი 30-მდე ქართველი და უცხოელი დამსვენებლის ევაკუაცია ორ საათში განხორციელდა. მიტარბის მაშველების გარდა, ადგილზე მუშაობდნენ კოხტას და დიდველის მოთხილამურე მაშველებიც. მათი თქმით, მუშაობა რთულ პირობებში, გაუკვალავ თოვლში მოუხდათ.

მთის კურორტების განვითარების კომპანიაში ამბობენ, რომ საბაგიროს ავარიულად გაჩერება ძაბვის ვარდნამ გამოიწვია. ამ დროს ელექტრო დეტალი დაზიანდა, რამაც საბაგიროს ბლოკირება გამოიწვია.

საბაგიროს გამორთვის მიზეზებს ეკონომიკის სამინისტროს შიდა აუდიტი შეისწავლის. ინსპექცია მთის კურორტების განვითარების კომპანიაში შევა.
| Print |