საზოგადოება
აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობაზე დასაქმებულებმა პროტესტი შეწყვიტეს
აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობაზე დასაქმებულების რამდენიმედღიანი პროტესტი შეწყდა. „მაქრო კონსთრაქშენის“ თანამშრომლები ამბობენ, რომ იძულებულები არიან მუშაობა გააგრძელონ, რადგან მათ უკან ოჯახები დგანან. ისინი შიშობენ, რომ კომპანიისთვის წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში, შესაძლოა სამსახურისა და შემოსავლის გარეშე დარჩნენ.
დღეს გაფიცულ თანამშრომლებსა და კომპანიას შორის შუამავლის როლი ადიგენის საკრებულოს თავმჯდომარემ შმაგი ბიძიშვილმა იკისრა. როგორც მან მშენებლობაზე დასაქმებულებს უთხრა, კომპანია ანაზღაურებას აპრილიდან გაუზრდის, მას შემდეგ რაც მუშაობა უფრო აქტიურ ფაზაში შევა.

„ახლა დიდი თოვლი გვაქვს და ხელი გვეშლებაო. იმხელა მასშტაბის სამუშაო არ გვაქვს, რომ თქვენ ხელფასები გაგიზარდოთო. იძულებულები გავხდით ასე გამოვიდა. ვიმუშავებთ აბა სხვა რა ვქნათ, მშივრები ხომ არ ვიქნებით“ - აცხადებს ერთ-ერთ დასაქმებული თამაზ საგინაძე.

მათი თქმით, აპრილში უმრავლესობას სამუშაო ხელშეკრულება უმთავრდებათ და შესაძლოა კომპანიამ, ხელფასის გაზრდის ნაცვლად, ისინი სამსახურიდან გაუშვას. ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, კომპანიის ხელმძღვანელებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ გაფიცული თანამშრომლების შიში უსაფუძვლოა, რადგან მათ გათავისუფლებას არავინ აპირებს.

ხელფასის მომატება განიხილება აქტიური სამუშაოების დაწყებისთანავე. აქ 10 ლარზე იყო დღიურად საუბარი. მაგრამ ეს ცალკე საკითხად დავტოვეთ და თვითონაც თანახმა არიან, რომ შემდეგ განიხილონ. არავინ არ ტოვებს სამსახურს აბსოლუტურად. იყვნენ პიროვნებები, რომლებიც გათავისუფლდნენ სამსახურიდან. პირობა მოგვცეს, რომ ვინც იყვნენ უმიზეზოდ სამსახურიდან გათავისუფლებული, ყველა დაბრუნდება და გააგრძელებს მუშაობას“, - ირწმუნება შმაგი ბიძიშვილი.

აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობაზე დასაქმებულების ერთ-ერთი მოთხოვნა იყო შრომის კოდექსის გათვალისწინებით ემუშავათ და ზეგანაკვეთური მუშაობის ანაზღაურება მომხდარიყო. კომპანია მათ დაჰპირდა, რომ სამუშაო საათები დილის 9-იდან საღამოს 6 საათამდე განისაზღვრება.

შრომის უფლებების დარღვევის ფაქტს გამოეხმაურა რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების თავმჯდომარე ვიტალი გიორგაძე და გაფიცულ თანამშრომლებს სოლიდარობა გამოუცხადა. მისი თქმით, მსგავსი შემთხვევები ჩვენს ქვეყანაში ხშირია. პროფკავშირი კი საქართველოში დამსაქმებლებს „ჯოხით დასდევს“ და აიძულებს დასაქმებულების უფლებები გაითვალისწინოს.

შეგახსენებთ, რომ შპს "მაქრო კონსთრაქშენის" 30-მდე თანამშრომელმა დასაქმების პირობების გაპროტესტება 4 თებერვლიდან დაიწყო. ისინი სათანადო ანაზღაურებას, შრომის კოდექსის შესაბამის სამუშაო საათებს და ზეგანაკვეთური მუშაობის ანაზღაურებას ითხოვენ.

შპს "მაქრო კონსთრაქშენი" თურქული კომპანიაა, რომელიც აბასთუმანი-საირმე-ბაღდათის 16 კმ-იანი შემოვლითი გზის მშენებლობას ემსახურება.

| Print |