საზოგადოება
საქართველოში კიდევ ერთი შეზღუდვა უქმდება
საქართველოში კიდევ ერთი შეზღუდვა უქმდება. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალვის მოხსნა საკლუბო ინდუსტრიას შეეხება. ისინი საქმიანობას 5-6 მარტიდან განაახლებენ. განისაზღვრა სტუმრების რაოდენობაც. ერთ სივრცეში ერთდროულად შესაძლო მაქსიმალური ოდენობის 60% დაიშვება. აღნიშნულ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ არსებული ეპიდემიოლოგიური ტენდენციების გათვალისწინებით მიიღო. საბჭოს აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების ერთობის ხელმძღვანელს, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა გააცნო. ილია დარჩიაშვილი დავით ლეჟავას მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროს გიორგი ღიბრაძესა და ბიზნესომბუდსმენის მოადგილე ნინო კვეტენაძესთან ერთად შეხვდა.

"როგორც ცნობილია, ომიკრონის შტამის გავრცელების პიკი დაღმავალ ფაზაში გადავიდა, შესაბამისად, მარტიდან, ვითარების დასტაბილურების გთვალისწინებით ღამის კლუბების ფუნქციონირების აღდგენა შესაძლებლად ჩაითვალა", - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
| Print |