საზოგადოება
მეფეს მისი შვილებისთვის ამილახვრობა უბოძებია - ზედგინიძეების გვარის ისტორია
ზედგინიძეების გვარი სამცხე-ჯავახეთში, უმეტესად ასპინძის მუნიციპალიტეტშია გავრცელებული. ვახუშტი ბაგრატიონი მათ წარჩინებულთა შორის მოიხსენიებს. შედგება საკუთარი სახელისგან ზედგინი, ზევდგინ. მესხეთიდან იმერეთშიც არიან გადმოსახლებულნი.

ზედგინიძეები XIV ს I ნახევარში დამკვიდრდნენ მდინარეების რეხისა და მეჯუდის სანაპირო ტერიტორიაზე. ზედგინიძეთა ისტორიასთან დაკავშირებით მოიპოვება ცნობა ვახუშტი ბაგრატიონის ჩანაწერებში, სადაც ნათქვამია, რომ იოთამ ზედგინიძემ მეფის გამო თავი გასწირა, მეფე ალექსანდერემ კი მის შვილებს ჯილდოდ ამილახვრობა უბოძა.

„ხოლო რომელთამე ამათ გვართა წარჩინებულების გამო მიიღეს თავადობა დროსა გიორგის მეფობის წელს ქრისტეს აქეთ 1465 წელსა და იწოდებოდნენ ზედგინიძეთა და შემდგომად ოდეს იორამ ზედგინიძემ განაწირა მეფის ალექსანდრეს–ძე გიორგი მეფე ბაგრატიონი ორგულთა კაცთა ხელთა სიკვდილისაგან და თვით ზედგინიძე იორამ მოკლულ იქნა ნაცვლად მეფისა, ამისა ჯილდოდ უბოძა შვილთ მისთა გუარად ამილახორობაი და უფროსსა ძესა მისცა სპასპეტობა ქართლს, მოურაობა გორსა და ციხე გორისჯუარი და სხუანი ადგილნი, რომელნიც იწოდებიან აწ საამილახვროდ“.

ზედგინიძეთა საგვარეულოდან ამილახროდ პირველად ჩანს თაყა ჯანიბგის ძე.

ალექსანდრეს მეფობის დროს ზედგინიძეების მეფის ერთგულებას იჩენენ. ასეთი დამსახურებისათვის ისინი იღებენ გორის მოურავობას, ეზოს ჩუხჩარჩობას, მოლარეთუხუცსობას, დაბა–სოფლებს, ყმა–მამულს, მაგრამ თუ ზედგინიძეები ალექსანდრე მეფის თვალში „დიდად ერთგულნი და თავდადებით ნამსახურნი“ ჩანან, ასეთად როდიღა იყვნენ ვახტანგ ალექსანდრეს–ძის მეფობისას. ვახტანგ მეფემ თავისი ქვისლი თაყა ზედგინიძე დაიჭირა და ლიხთიმერეთს გამოჰკეტა.

ზედგინიძეებმა მალე ბაგრატ მეფის ნდობა დაიმსახურეს და თუმცა დიდი ქრთამით, მაგრამ გორის მოურავობა კვლავ დაიბრუნეს და მამულებიც თანდათან შემოიმტკიცეს.

ასეთია ძირითადი მოვლენები ზედგინიძეთა სახლის ისტორიიდან XIV–XV ს.ს.–ში.

წყარო: nobility.pro/ge
| Print |