საზოგადოება
"რუსეთი ოკუპანტია და ეს არ უნდა დაგვავიწყდეს" - ახალციხეში უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადეს
ახალციხეში, უკრაინის მხარდასაჭერად მშვიდობიანი აქცია გაიმართა. საზოგადოების აქტიური წევრები, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და მოქალაქეები შოთა რუსთაველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბნენ. მათ რუსეთის მიერ წამოწყებული პროცესი დაგმეს და უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადეს.

"ჩემს შვილებთან ერთად ვარ დღეს აქ მოსული. დღეს ყველას ემუქრება საფრთხე, არამარტო უკრაინელებს, არამედ ჩვენც, ჩვენს შვილებსაც, ზოგადად დემოკრატიას. ბეწვის ხიდზე გადის დღეს ჩვენი დემოკრატია. ამიტომ ყველამ უნდა დავუჭიროთ მხარი უკრაინას და ჩვენი სათქმელი ვუთხრათ რუსეთს. უნდა ვთქვათ, რომ რუსეთი ოკუპანტია და დროა რომ შეჩერდეს. საერთაშორისო საზოგადოებას აქვს საქართველოს მაგალითი და დღევანდელმა პროცესებმა კიდევ ერთხელ კარგად დაანახა მთლიანად მსოფლიოს რა ხდებოდა რეალურად საქართველოში 2008 წელს. ამიტომ დარწმუნებული ვარ რომ საერთაშორისო საზოგადოება უფრო ქმედით ნაბიჯებს გადადგამს და შეშფოთებითა და აღშფოთებით არ შემოიფარგლება" - აღნიშნა აქციის წევრმა  მაკა სუდაძემ.

აქცია დღეს სოციალურ ქსელში, სპონტანურად მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა უკრაინაზე შეიარაღებული თავდასხმა განახორციელა. მშვიდობიანი შეკრების ერთ-ერთი ინიციატორი ნიკოლოზ ბეგიშვილია.

"ჩვენ შევიკრიბეთ, რომ სოლიდარობა გამოვუცხადოთ უკრაინას. ჩვენ არ გვინდა ომი. ჩვენ გვინდა მშვიდობა. ასევე შევიკრიბეთ იმისთვის, რათა შევახსენოთ, რომ რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ორი ტერიტორია. ესეც არ უნდა დაგვავიწყდეს არასდროს" - ამბობს ნიკოლოზ ბეგიშვილი.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის ქალაქები რუსეთის მიერ დღეს დილიდან იბომბება. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.
| Print |