საზოგადოება
ანტონ ობოლაშვილი შს მინისტრს სთავაზობს, ასპინძაში, სასაზღვრო ზოლი სათიბი დანიშნულებით გამოიყენონ
ახალციხის, ადიგენის, ასპინძისა და ბორჯომის მაჟორიტარი დეპუტატი თურქეთის მხარეს, სასაზღვრო ზოლის სათიბი დანიშნულებით გამოყენების ინიციატივით გამოდის. ანტონ ობოლაშვილის თქმით, 500 მეტრიანი სასაზღვრო ზოლის გამოყენება მოსახლეობის მხრიდან არ ხდება, მაშინ როცა, თურქეთის მხარე უპრობლემოდ იყენებს. დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში გამართულ პლენარულ სხდომაზე, საკითხის განხილვა შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს სთხოვა. ანტონ ობოლაშვილმა დღის წესრიგში კონკრეტულად ასპინძის მუნიციპალიტეტში, ნიალას მთაში არსებული საზღვრისპირა ზოლის საკითხი დააყენა.

"მინდა გთხოვოთ, რომ განიხილოთ ეს საკითხი და შესაძლებლობიდან გამომდინარე მიეცეს მოსახლეობას, ამ მიწის ფართობების გამოყენების საშუალება. როგორც ჩემთვის ცნობილია, თურქეთის მხარეს ხდება ამ სასაზღვრო ზოლის დამუშავება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით. მე ვფიქრობ, რომ ეს ჩვენი მოსახლეობისთვისაც იქნებოდა სიკეთის მომტანი. კერძოდ, ვგულისხმობ ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიალაში არსებულ საზღვრისპირა ზოლს. თუმცა ამ საკითხის დადებითად გადაწყვეტა სხვა მუნიციპალიტეტების სოფლებსაც მოუტანდა მეტ სიკეთეს" - აღნიშნა ანტონ ობოლაშვილმა.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ანტონ ობოლაშვილს საკითხით დაინტერესებას დაჰპირდა, თუმცა აღნიშნა, რომ საზღვრისპირა ზოლის გაკონტროლება გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული.

"პრემიერის ბრძანება, მთავრობის დასკვნა სჭირდება, რომ რაღაც ადგილებზე დავუშვათ სოფლის მეურეობა, ან თივა რომ მოიპოვონ. მაგაზე შეიძლება ვისაუბროთ და თუ საფრთხე არ არის, ვიმსჯელებთ" - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ანტონ ობოლაშვილმა ვახტანგ გომელაურს კიდევ ერთი საკითხით დაინტერესება სთხოვა. დეპუტატმა რეგიონში მომუშავე პოლიციელების დაწინაურება და მოტივაციის ამაღლებისთვის საჭირო ღონისძიებების გატარების იდეა შესთავაზა.
| Print |