"ნაძირლების ხროვა" - სიტყვიერი დაპირისპირება და შეურაცხყოფა აქციაზე
17:12 / 20.03.2022
ნაძირლების ხროვა და პროვოკატორები ხართ, თუ მშვიდობა გინდოდათ, მოსულიყავით და კაცურად გველაპარაკა - ასე მიმართეს "კონსერვატიული მოძრაობის" მხარდამჭერებმა მათ ოფისთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს და სახლში წასვლისკენ მოუწოდეს.
ახალციხეში, მშვიდობიანი აქცია, რომელიც რამდენიმე წუთში სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა, ორგანიზატორის თქმით, ძალადობისა და რუსეთი ქმედებების დასაგმობად გაიმართა. წინასწარ დაანონსებული აქციის მონაწილეებს ადგილზე "კონსერვატიული მოძრაობის" მხარდამჭერები დახვდნენ. აქციის დაწყებისთანავე მათ ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. სიტუაციის განმუხტვა ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ შეძლო.
აქციას შეუერთდნენ ადგილობრივი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც. მათი თქმით, "კონსერვატიული მოძრაობის" მხრიდან პროვოკაციას ელოდნენ და ამისთვის მზად იყვნენ. პარტია "ლელოს" წევრი მანუჩარ ჩაჩანიძე აცხადებს, რომ აქციაზე მივიდა იმისთვის, რათა დაეფიქსირებინა, რომ საქართველო რუსეთის გუბერნია არ არის. ამას კი "კონსერვატიული მოძრაობის" მხრიდან გაღიზიანება მოჰყვა.
"კონსერვატიული მოძრაობის" ოფისთან აქცია რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში დაანონსდა. მისი ორგანიზატორი ადგილობრივი ნიკოლოზ ბეგიშვილია, რომელიც ამბობს, რომ მსგავი სიტუაციის მოლოდინი არ ჰქონდა, თუმცა აქციის დაანონსებისას მხარდამჭერებს მოუწოდა, რომ შესაძლო პროვოკაციას არ უნდა აჰყოლოდნენ.
აქცია "კონსერვატიული მოძრაობის" ოფისთან 14:00 საათზე დაიწყო და დაახლოებით 2 საათის განმავლობაში გაგრძელდა.