საზოგადოება
ახალციხეში, გაზის გაჟონვის შედეგად აფეთქებული კორპუსის გამაგრებითი სამუშაოები შეჩერებულია
ახალციხეში, გაზის გაჟონვის შედეგად აფეთქებულ კორპუსში, გამაგრება-გაძლიერების სამუშაოები შეჩერებულია. როგორც კომპანია „ნიუ პროჯექტის“ ხელმძღვანელი განმარტავს, ტერიტორიის გაწმენდის შემდეგ სხვა დაზიანებებიც აღმოაჩინეს, რის გამოც პროექტის დაკორექტირება მოუწია. დავით ჩაჩანიძის თქმით, დაზიანება სერიოზული არ არის თუმცა გასათვალისწინებელია. განახლებული პროექტის ფარგლებში საჭირო გახდა დამატებითი მასალის შეძენა. კომპანიის ხელმძღვანელის თქმით, სამუშაოებს უახლოეს დღეებში განაახლებენ. დავით ჩაჩანიძე ვარაუდობს, რომ კორპუსში დაბრუნებას მობინადრეები ორთვენახევარში შეძლებენ.

ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიას სამუშაოები 31 მარტამდე უნდა დაესრულებინათ, თუმცა გაუთვალისწინებელი მდგომარეობის გამო, თარიღმა გადაიწია.

ქალაქ ახალციხეში, რუსთაველის ქუჩის N99ა-ში მდებარე ხუთსართულიან საცხოვრებელ სახლში ბუნებრივი აირი 2020 წლის 24 დეკემბერს აფეთქდა. შემთხვევის შედეგად პირველ სართულზე მდებარე რესტორნის იატაკი ჩაინგრა. აფეთქების დროს ორი ადგილობრივი დაშავდა.

| Print |