გამოიწვევს თუ არა სტალინის ქუჩისთვის სახელის გადარქმევა დოკუმენტაციის ცვლილებებს
16:46 / 28.03.2022
ვალეში ცენტრალური ქუჩა ჯერ კიდევ სტალინის სახელს ატარებს. სამოქალაქო აქტივისტებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ნაწილის არაერთი მცდელობის მიუხედავად, ქუჩისთვის სახელის შეცვლა ამ დრომდე ვერ მოხერხდა.
არადა საქართველოში, საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენებას კანონი 10 წელზე მეტია კრძალავს. საზოგადოებრივი ორგანიზაცია დემოკრატ მესხთა კავშირის წარმომადგენელი, ვალის მკვიდრი ჯაბა ნათენაძე განმარტავს, რომ ქუჩის სახელის არშეცვლის ერთ-ერთ მიზეზად მოსახლეობა პირად საუბრებში მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის ცვლილებას ასახელებდა.
ჯაბა ნათენაძის თქმით, იუსტიციის სამინისტროსთან კომუნიკაციის შედეგად, გაირკვა, რომ აღნიშნული პრობლემა მოსახლეობას არ შეექმნება.