საზოგადოება
მიქელაძე - წარჩინებულთა გვარი საქართველოში და მისი თავადური ისტორია
მიქელაძე საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გვარია და წარჩინებულ საგარეულოთა რიცხვს მიეკუთვნება. გვხვდება ქვეყნის სამხრეთით, სამცხე-ჯავახეთშიც, თუმცა მიქელაძეთა სათავადოს ჩამოყალიბება იმერეთს უკავშირდება.

ქართულ ისტორიულ წყაროებში თავადი მიქელაძეების შესახებ ცნობები XIV საუკუნიდან გვხვდება. პირველად ეს გვარი ნახსენებია ლიხთ-იქითის (იმერეთის) მეფის მიქელის 1326 წლის სიგელში, სადაც მოიხსენიება მანგასარ მიქელაძე. მისი მოღვაწეობა 1326 წლის წინა პერიოდზე მოდის. 1326 წელს მანგასარი ცოცხალი აღარ არის.

მე-XV საუკუნის ბოლოს საქართველოს სამეფოს დაშლის შემდეგ სათავადოების წარმოქმნა იწყება. სავარაუდოა, რომ მიქელაძეთა სათავადოს ჩამოყალიბება ამ დროისათვის მოხდა.

გვიანდელი ცნობების მიხედვით, თავად მიქელაძეთა საგვარეულოს იმერეთის სამეფოში სოფლების დიდი ნაწილი ეკუთვნოდა. მათი რეზიდენცია სოფელ კულაშში იყო. თავად მიქელაძეთა აზნაურებად ითვლებოდნენ: ქაჯაიები, კახიანები, და მიქელაძეები, ხოლო ყმა გლეხები იყვნენ: შენგელიები, ნუცუბიძეები, გეგენეიშვილები, რუსიები, ახობაძეები, ჯანგველაძეები, ბუაძეები, ქობულიები, ნიკურაძეები, სტურუები, პაპავები, კვანტალიანები და სხვა.

XVII წ. 30-იან წლებში დასავლეთ საქართველოში გაბატონებისათვის, იმერთა მეფის გიორგი III-სა და სამეგრელოს მთავრის ლევან II დადიანს შორის ბრძოლა დაიწყო, რომელშიც მიქელაძეები მხარს ლევან დადიანს უჭერდნენ. მიქელაძეთა სათავადოს დადიანის მფლობელობაში გადასვლით აიხსნება, რომ ისინი ერთ ხანს იმერეთის მეფის კარზე არ ჩანან. იმერთა მეფის ალექსანდრე III-ის 1651 წლის ფიცის წიგნში, სადაც იმერეთის ყველა თავადური გვარის წარმომადგენლებს ვხედავთ, თავადი მიქელაძეები მოხსენიებულნი არ არიან.

ლევან II დადიანის გარდაცვალების შემდეგ (1657 წ.) სამეგრელოს სამთავროს საქმე აირია. ამით ისარგებლა იმერთა მეფემ, ალექსანდრე III-მ. მან დალაშქრა სამეგრელო და დაიბრუნა საჭილაო-სამიქელაო. მაგრამ მიქელაძეები მაინც დადიანის ერთგულნი დარჩნენ.

XVII წ. მეორე ნახევარში მიქელაძეთა სათავადოს მეთაურად გიორგი ოტიას ძე მიქელაძე ჩანს, რომელიც იმერეთის მეფეს გიორგი VI-ს უჭერს მხარს და ასე ცდილობს იმერეთის სათავადოს პირველი პირი გახდეს, თუმცა მიზანს ვერ აღწევს.

იმერეთის სამეფოს გაუქმებისა და ქვეყანაში რუსული მმართველობის დამყარების შემდეგ, მიქელაძეთა სათავადომ ადმინისტრაციულად არსებობა შეწყვიტა.
ასევე ნახეთ: 

| Print |