საზოგადოება
კეხოვანში გზის მოწესრიგების თხოვნით, "საერთაშორისო გამჭვირვალობამ" ადიგენის მერიას მიმართა
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ახალციხის ოფისის სამოქალაქო საბჭოს ორგანიზებით, ადიგენის სოფელ კეხოვანში, 52 ხელმოწერა შეგროვდა, რის შემდეგაც ორგანიზაციამ ადიგენის მერიას სოფლამდე მისასვლელი გზის პრობლემის მოგვარების თხოვნით მიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ავრცელებს.

"კეხოვანის მუნიციპალურ ცენტრთან, ადიგენთან დამაკავშირებელი 4 კილომეტრიანი (ჭეჭლა-კეხოვანის) მონაკვეთი ავარიულია. უგზოობის გამო მაღალმთიანი სოფელი, არამხოლოდ ზამთარში, უამინდობისას ზაფხულშიც კი, პერიოდულად, გარე სამყაროს წყდება.

მიუვალი გზის გამო, სოფლამდე ვერ მიდის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა. კეხოვანში კი არ არის ამბულატორია, საჯარო სკოლა, საბავშვო ბაღი და მაღაზია.

მოვუწოდებთ ადიგენის მერიას, განიხილოს ჩვენს მიერ წარდგენილი წერილი და გადაჭრას კეხოვანში მცხოვრებლებისთვის სოფლამდე მისასვლელი გზის პრობლემა",
- ნათქვამია ინფორმაციაში.

სოფელ კეხოვანში ამ დროისთვის 28 ოჯახი ცხოვრობს.
| Print |