საზოგადოება
დღეს ასპინძის ბრძოლიდან 252 წელი გავიდა
დღეს, 20 აპრილს, ასპინძის ისტორიული ბრძოლიდან 252 წელი გავიდა. 1770 წელს, ერეკლე მეორის სარდლობით ქართველთა ჯარმა, ოსმალეთის ლაშქართან ისტორიული გამარჯვება მოიპოვა.

1770 წლის გაზაფხულზე ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II 7 000 ლაშქრით და რუსი გენერალი ტოტლებენი 1 200 ჯარისკაცით ახალციხის საფაშოში შეიჭრნენ. ერეკლეს მიზანი იყო ქართული მიწების გათავისუფლება ოსმალთა ბატონობისაგან, მაგრამ ტოტლებენი, რომელსაც, როგორც შემდეგ გაირკვა, ქართლ-კახეთის ხელში ჩაგდება და რუსეთისათვის გადაცემა სურდა, მოულოდნელად უკან გაბრუნდა თავისი რაზმით. ოსმალები შეეცადნენ მოკავშირის გარეშე დარჩენილი ქართველების განადგურებას.

ერეკლემ მოწინააღმდეგეს საშუალება მისცა, მდინარეზე გადმოსულიყო. 19 აპრილს, საღამოს, აღბაღა ერისთავმა, სვიმონ მუხრანბატონმა და ხუდია ბორჩალოელმა მალულად გადახერხეს ხიდის თავხეები და ხიდი დაასუსტეს. ამ დრომდე შემორჩენილია ხიდის ნაწილი, რომელსაც ერეკლეს ნახიდარს უწოდებენ.

ასპინძის ბრძოლაში ოსმალთა ჯარს ლეკებიც ეხმარებოდნენ კოხტა ბელადის მეთაურობით. ერეკლემ ის ორთაბრძოლაში მოკლა. მეფემ გამარჯვების აღსანიშნავად ნადიმი გამართა და ამ დროს შეატყობინეს, რომ ტოტლებენი, ომში ღალატს და მის მიტოვებას არ დასჯერდა და მეფის მოწინააღმდეგეებს კრებდა თბილისში, რის მერეც ხელისფლების დამხობას აპირებდა. ამის გამო ერეკლე თბილისისკენ წავიდა, მან ვერ შეძლო ახალციხის აღება და მესხეთის შემოერთდება, რაც ამ კამპანიის მთავარ მიზანს წარმოადგენდა.

თარიღი სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება ასპინძის მუნიციპალიტეტში.
| Print |