საზოგადოება
სამცხე-ჯავახეთს ბელგიური მედიის წარმომადგენლები ესტუმრნენ
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ბელგიიდან ცნობილ ბლოგერებს, ჟურნალისტებსა და ღვინის ექსპერტებს უმასპინძლა. ღვინის ტურის ფარგლებში საქართველოს ბელგიიდან 17 კაციანი ჯგუფი ეწვია.

ღვინის ტურის მონაწილეები სამცხე-ჯავახეთს ეწვივნენ, მოინახულეს ახალციხე, ჭობარეთი, ვარძია, უდე, ბორჯომი, ტაშისკარი. გარდა ჩვენი რეგიონისა ბელგიელმა ბლოგერებმა, ჟურნალისტებმა და სომელიეებმა თბილისის ღვინის მუზეუმი დაათვალიერეს, მოინახულეს მცხეთა, ესტუმრნენ კახეთს, სადაც შალაურის, რუისპირის, ალავერდის მარნები დაათვალიერეს, ხოლო შიდა ქართლში სოფელი ატენი.

რეგიონებში ბელგიური მედიის წარმომადგენლებმა და ღვინის ექსპერტები ადგილობრივი ღვინისა და კერძების მომზადების წესებს გაეცნენ.

„საქართველო ძალიან კარგი ტურისტული მიმართულებაა, სტუმართმოყვარე ხალხითა და შთამბეჭდავი ღვინით. საქართველოში მოგზაურობა მოსახერხებელია როგორც ლაშქრობის, ასევე ღვინის დაგემოვნების მიზნით. ძალიან ბევრი ადგილი მოვინახულეთ, გავეცანით კულტურულ მემკვიდრეობას, დავაგემოვნეთ ღვინო და ვაპირებ ყველას გავუზიარო ჩემი შთაბეჭდილებები, ვინც საქართველოში მოგზაურობას გეგმავს“
.-აცხადებს სომელიე და ბლოგერი პიტერ ბილცი.

ტურის დასრულების შემდეგ ბელგიელი ჟურნალისტები და ბლოგერები ქართული ღვინისა და კერძების შესახებ სოციალურ ქსელებში ფოტო და ვიდეო ბლოგებს, ხოლო ბელგიურ და ნიდერლანდურ ჟურნალებში Vino Magazine- De Morgen, PERSWIJN, De Standaard Knack Weekend სტატიებს განათავსებენ, სადაც დეტალურად იქნება აღწერილი საქართველოს გასტრონომიული ტურისტული პროდუქტები, რაც ხელს შეუწყობს ბელგისა და ნიდერლანდებში საქართველოს ცნობადობის ამაღლებასა და ტურისტული ნაკადების გაზრდას.
| Print |