საზოგადოება
საქართველო, 30 აპრილს, თავდაცვის ძალების დღეს აღნიშნავს
საქართველო თავდაცვის ძალების 31-ე წლის იუბილეს აღნიშნავს. ქართული ჯარის 31 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ვაზიანში, IV ქვეითი ბრიგადის ბაზაზე საზეიმო ღონისძიება იმართება. იუბილე გაიმართა, სადაც ქვეყნის პირველი პირები სიტყვით გამოვიდნენ.

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, არ არსებობს თავდაცვის ძალების არცერთი მიმართულება, სადაც ჩვენმა სამხედროებმა და ვეტერანებმა არ შექმნეს ბრძოლის, შემართების, გმირობის, პროფესიონალიზმის საამაყო მაგალითები. 

„გილოცავთ საქართველოს თავდაცვის ძალების დღეს. განსაკუთრებულად მინდა ეს დღე მივულოცო თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს - ჩვენს საამაყო ჯარს, ოფიცრებს, სერჟანტებს, რიგით სამხედროებს, რომლებიც ასრულებენ ყველაზე მნიშვნელოვან საქმეს: იცავენ ჩვენს ქვეყანას და მის თავისუფლებას. დიდი პატივი და პატრიოტიზმია, ერთგულად ემსახურო შენს ქვეყანას, იყო მისი ერთ-ერთი მთავარი საყრდენის, ქართული ჯარის ნაწილი.

დღევანდელი დღე მინდა მივულოცო ჩვენს დაუმარცხებელ დაჭრილ სამხედროებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანას ვაჟკაცურად იცავდნენ ყველა ფრონტზე, მათ შორის იცავდნენ მსოფლიო მშვიდობასა და სტაბილურობას.

თავდაცვის ძალების დღეს მინდა განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატო ჩვენი ვეტერანების მიმართ, რომლებიც ურთულესი გამოწვევების პირობებში ერთგულად ემსახურნენ ჩვენს ქვეყანას და პირნათლად მოიხადეს თავიანთი ვალი ქვეყნის წინაშე".

მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა საერთაშორისო პარტნიორებს, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ნატოს წევრ ქვეყნებს ქართული ჯარის გაძლიერების მხარდაჭერისთვის.

„დასახული გრძელვადიანი გეგმის მიხედვით ჩვენ შევძლებთ ჩვენი ჯარის კიდევ უფრო გაძლიერებას, მზადყოფნისა და თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას, მნიშვნელოვნად გაზრდას. დღევანდელ დღეს მინდა, ასევე მადლობა გადავუხადო ჩვენს მეგობრებს, პარტნიორებს - აშშ-ს, ნატოს წევრ ქვეყნებს, ყველას, ვინც მხარს უჭერს, ეხმარება ჩვენი ჯარის გაძლიერებას.

დღეს, თავდაცვის ძალები ნდობის კუთხით, ეკლესიასთან არის ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუტი საქართველოში. ეს რა თქმა უნდა თქვენი, თითოეული სამხედროს დამსახურებაა. კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით ერთგული სამსახურისთვის, გისურვებთ წარმატებას და გამარჯვებას ყველგან. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი!“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ქართველ ჯარისკაცებს დღევანდელი დღე მიულოცა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ. არჩილ თალაკვაძემის თქმით, თავდაცვის ძალებმა არაერთხელ დაამტკიცეს, რომ მათთვის სამშობლო არის უპირველესი.

,,საქართველოს მამაცო ჯარისკაცებო, გილოცავთ შეიარაღებული ძალების დღეს - 30 აპრილს! მადლობას გიხდით თავდადებისა და პროფესიონალიზმისთვის, რომლითაც ემსახურებით ქვეყანას, იცავთ მშვიდობას, თავისუფლებას და უსაფრთხოებას! თქვენ არაერთხელ დაამტკიცეთ, რომ სამშობლო არის უპირველესი.

ქედს ვიხრით გმირების წინაშე, ვინც ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში დაეცნენ! ვინც ამაყად ატარა ქართული დროშა!"

დღეს გამართულ იუბილეზე, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და გენერალ - მაიორებმა სამხედროები სხვადასხვა მიმართუელბით დააჯილდოვეს.

ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად, აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ შემთხვევებში თავდაცვასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სხვა ამოცანებისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესასრულებლად საქართველოს ჰყავს თავდაცვის ძალები.

საქართველოს თავდაცვის ძალები არის ეროვნული თავდაცვის სისტემის პოლიტიკურად ნეიტრალური და შეიარაღებული სამხედრო ინსტიტუტი, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს აუცილებელ და პროპორციულ სამხედრო და სხვა სახის ღონისძიებებს.

სახელმწიფო მართვის ორგანოა საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, ხოლო ოპერატიული მართვისა — გენერალური შტაბი. საქართველოს თავდაცვის ძალები შედგება სახმელეთო ჯარებისაგან. თავდაცვის ძალების რეზერვს აყალიბებს და ორგანიზაციას უწევს საქართველოს ეროვნული გვარდია.

საქართველოს თავდაცვის ძალების სახეობებია:

სახმელეთო ძალები,

საჰაერო ძალები,

ეროვნული გვარდია,

სპეციალური ოპერაციების ძალები.
| Print |