საზოგადოება
რამდენიმე სახეობის გველია - სამების სკოლაში დღეს სპეციალისტებს ელოდებიან
ნინოწმინდის სოფელ სამებაში დღეს სპეციალური ჯგუფი ჩავა, რომელიც ერთის მხრივ შეისწავლის გველების სიმრავლის მიზეზს სკოლაში და ამავე დროს სადეზინფექციო სამუშაოებსაც ჩაატარებს. ამის შესახებ მეცხრე არხს ნინოწმინდის მერმა განუცხადა. ანივარდ მოსოიანის თქმით, სამების სკოლა ამ პრობლემის წინაშე წლებია დგას, თუმცა ამ დრომდე დადგენილი არ არის გველების სიმრავლე სკოლაში შენობის სიძველეა თუ ტბასთან ახლოს მდებარეობა. 

,,სპეციალური ჯგუფი ჩამოვა დღის ბოლოს და თავად განსაზღვრავს, რა უნდა გაკეთდეს. საღამოს დაიწყებენ პრევენციულ საქმიანობას. სკოლა ტბასთან ახლოს მდებარეობს, გველების სიმრავლის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება ესეც იყოს, ასევე შესაძლებელია მიზეზი იყოს სკოლის ძველი შენობა და ქვეწარმავლებს საძირკველში ჰქონდეთ ბუდე. ეს ფაქტი სპეციალისტებმა უნდა ნახონ და მიზეზიც თავად დაადგინონ. ჯერ მოკვლევითი სამუშაოები ჩატარდება, მერე იმის მიხედვით ვიმოქმედებთ, რა დასკვნაც დაიდება. თუ მიზეზი სკოლის ძველი შენობაა, მაშინ მივმართავთ განათლების სამინისტროს“ - განმარტა ანივარდ მოსოიანმა.

სოფელი სამება ნინოწმინდიდან დაახლოებით 25 კმ-ში მდებარეობს. სკოლაში 14 ბავშვი სწავლობს. სკოლის დირექტორის მზეკო მინაძის თქმით, სკოლა დისტანციურ რეჟიმზე მას შემდეგ გადავიდა, რაც დათბა და გველებიც გამოჩნდნენ.

,,სკოლა ყოველ წელს იწამლება, მაგრამ მას ერთჯერადი ეფექტი აქვს, ამიტომ უნდა მოხდეს ძირფესვიანი გამოკვლევა. მოდიან სპეციალისტები, წაიყვანენ ლაბორატორიაში და გაარკვევენ რა სახეობის არიან და რამდენად საფრთხის შემცველნი. ადგილზე რასაც შეხედავენ, იმ წამლით ჩატარდება დეზინფექცია. თან დამუშავდება და თან გამოიკვლევენ ტერიტორიას, რომ ქვეწარმავლები აღარ შემოვიდნენ სკოლაში. წლებია ამ პრობლემის წინაშე ვართ, ყოველთვის ვწამლავდით და ვაკვირდებოდით ეფექტს. შარშან იყვნენ ჩამოსული ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევრები, ჩვენთან დაცული ტერიტორია რომ არის, ის დაათვალიერეს და ჩვენთანაც შემოვიდნენ, მათ გვითხრეს, რომ არ არიან შხამიანები, ხელითაც აიყვანეს, მაგრამ რა ვიცით, რომ რამდენიმე უშხამოში შხამიანიც არ იქნება?" - კითხულობს მზეკო მინაძე.

სკოლის დირექტორის თქმით, სოფელში რამდენიმე სახეობის გველია. ამიტომ, მათი გამოჩენისთანავე სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა, რადგან ,,ბავშვების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხის ქვეშ ვერ დავაყენებდით". 

,,სავარაუდოდ ტბიდან შემოდიან, რადგან სკოლა დაახლოებით 20-30 მეტრში მდებარეობს. მე მაგალითად ცოტა მოშორებით ვცხოვრობ. 2015 წლიდან ვარ სამებაში და ჩემ ეზოში ჯერ არ მინახავს. ტბასთან ახლოს მცხოვრებ მოსახლეობას კი არაერთხელ შეხვდა. მიუხედავად ამისა, ჯერ-ჯერობით დაკბენის ან დაშხამვის შემთხვევა არ ყოფილა. შარშან და შარშანწინაც მოვიძიეთ შპს-ები, მაგრამ გვითხრეს, რომ რეგიონებში არ გავდივართო. წელს გაგვიმართლა და მოვიძეთ ისეთი ფირმა, რომელიც ჩამოდის ჩვენთან და განახორციელებს სადეზინფექციო სამუშაოებს" - აღნიშნავს სოფელ სამების სკოლის დირექტორი.


ორი კვირაა მოსწავლეები საკლასო ოთახებში ვერ სწავლობენ, რადგან გველები საკლასო ოთახებში კედლის ბზარებიდან შედიან.
| Print |