საზოგადოება
ბორჯომის ქარხნის თანამშრომლები კომპანიის ადმინისტრაციასთან შეხვედრას ითხოვენ
ღირსეული და უსაფრთხო შრომა შანტაჟის, მუქარისა და დაშინების გარეშე - ეს არის ბორჯომის ჩამომსხმელი ქარხნის თანამშრომლების მთავარი მოთხოვნა, რომლებიც ამ წუთებში პირველი ჩამომსხმელი ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე არიან შეკრებილი და აიდიეს ბორჯომი საქართველოს ადმინისტრაციასთან შეხვედრას ითხოვენ. მათი თქმით, კომპანია სთხოვდა ახალ პირობებზე დათანხმებას, რაც ხელფასის 50%-მდე შემცირებას ითვალისწინებს. თანამშრომლები კი ითხოვენ გარანტიებს, რომ ფორს მაჟორის დასრულების შემდეგ ისინი დაუბრუნდებიან ძველ პირობებს, რაზეც კომპანიის ადმინისტრაცია არ თანხმდება.

ქარხნის თანამშრომლები ამბობენ, რომ ისინი იცავენ თავიანთ სამუშაო ადგილებს კანონის ფარგლებში. მათთან ერთად არიან პროფკავშირების წარმომადგენლები. ამ წუთებში ისინი მიმართავენ ქარხნის გენერალურ დირექტორს ივანე მაჭავარიანს, ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას და პროცესებში ჩარევას ითხოვენ. პრემიერ-მინისტრისგან კი მოითხოვენ, რომ მის მიერ დაანონსებული სიახლეები დროულად გააჟღეროს და გაურკვევლობაში მყოფ თანამშრომლებს გასცეს პასუხი. თანამშრომლები ამბობენ, რომ ადმინისტრაცია ულტიმატუმს უყენებს, მოაწეროს ხელი ახალ ხელშეკრულებას.

კომპანიის ადმინისტრაცია საკითხს ჯერ არ გამოხმაურებია. არც პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია აკეთებს კომენტარს, რას გულისხმობს მის მიერ დაანონსებული სასიამოვნო სიახლე.
| Print |