საზოგადოება
ბორჯომის ქარხანა თანამშრომლების ნაწილს ათავისუფლებს
"IDS ბორჯომი საქართველო" განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი კომპანია 49 თანამშრომელთან ხელშეკრულებას წყვეტს.

"ჩვენი კომპანია დღეს დგას უდიდესი გამოწვევის წინაშე. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ პირველ რიგში გადავარჩინოთ კომპანია და მაქსიმალურად შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები.

შექმნილ ვითარებაში იძულებული გავხდით ცვლილება შეგვეტანა, დასაქმებულთა ხელშეკრულებებში, რადგან კომპანიას აღარ აქვს ქარხანაში მოცდენილი საათების 100%-ით ანაზღაურების შესაძლებლობა. სწორედ ამიტომ შევთავაზეთ თანამშრომლებს განახლებული პირობები (რაც გულისხმობს, მოცდენილი საათების 50%-ით ანაზღაურებას - ნამუშევარი საათების ანაზღაურება რჩება უცვლელი), რაც სამწუხაროდ თანამშრომელთა მცირე ნაწილისთვის მისაღები არ აღმოჩნდა, რის გამოც იძულებული გავხდით, ქარხანაში დაგვეწყო რეორგანიზაციის პროცესი და 49 თანამშრომლისათვის კანონმდებლობის საფუძველზე შეგვეწყვიტა ხელშეკრულებები"
- აცხადებენ კომპანიაში.

შეგახსენებთ, რომ "IDS ბორჯომი საქართველოს" და დასაქმებულებს შორის შეთანხმება ვერ შედგა, ისინი ადმინისტრაციისგან გარანტიას ითხოვენ, რომ კომპანიის კრიზისის დასრულების შემდეგ, ძველი სამუშაო პირობები და ხელფასები დაუბრუნონ, რასაც ადმინისტრაცია არ თანხმდება.

მანამდე კი, დაწესებული სანქციების გამო, 29 აპრილს მინერალური წყლის - "ბორჯომის" ჩამომსხმელი ორივე ქარხანა გაურკვეველი ვადით გაჩერდა. 1 000-ზე მეტი თანამშრომელი შემოსავლის გარეშე დარჩა. მიზეზი სანქცირებული მფლობელი და დაბლოკილი ანგარიშებია.

| Print |