საზოგადოება
ურავლის ხეობაში, კლდის გამოსაკვლევად, სპეციალისტებს ითხოვენ
ახალციხე-ურავლის გზაზე შექმნილი პრობლემა აღმოფხვრილია. კლდის დიდი ნაწილი, რომელიც სავალ გზაზე ჩამოიშალა, ახალციხის მერიის კონტრაქტორმა კომპანიამ გაიტანა. შესაბამისად, ამ დროისათვის გზაზე მოძრაობა სრულად არის აღდგენილი.

"მერიის შესაბამისი სამსახურებისა და კონტრაქტორი კომპანიის „ჯავახავტოგზის“ მხრიდან, უმოკლეს დროში მოხდა რეაგირება და საავტომობილო გზა ნაშალი და მოძრავი ქვებისგან გაიწმინდა" - აცხადებენ ახალციხის მერიაში.

ახალციხე-ურავლის საავტომობილო გზაზე, რომელიც ქალაქთან 15-მდე სოფელს აკავშირებს, წვიმიან ამინდში გადაადგილება უსაფრთხო არ არის. ყოველი წლის გაზაფხულზე, ნალექიანი ამინდების დროს, ამ გზაზე ანალოგიური პრობლემა იქმნება. საფრთხის გამო, მოსახლეობამ ხელმოწერები შეაგროვა და ახალციხის მერიას განცხადებით ჯერ კიდევ სამი წლის წინ მიმართა.

თვითმმართველობაში ამბობენ, რომ ხეობაში სახიფათო მონაკვეთები მეკლდეურების მიერ პერიოდულად იწმინდება, თუმცა პრობლემა ამ დრომდე გადაუჭრელია.

ახალციხეში, ურავლის ხეობაში კლდე 8 მაისს ჩამოიშალა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. გზაზე გადაადგილება დროებით შეფერხებული იყო, მოძრაობა მალევე ცალმხრივად გაიხსნა, გვიან ღამით კი გზა სრულად გაიწმინდა.
| Print |