საზოგადოება
აბასთუმნის ობსერვატორია 90 წლისაა
საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის დაარსებიდან 90 წელი შესრულდა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა აბასთუმანში გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა და ობსერვატორიის იუბილე თანამშრომლებსა და მეცნიერებს პირადად მიულოცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად ობსერვატორიის განახლებულ სივრცეში სამეცნიერო საქმიანობის ამსახველი პოსტერების გამოფენა მოეწყო. მეცნიერებმა ასტრონომიულ-ასტროფიზიკურ მოვლენებზე პრეზენტაციები წარადგინეს, ხოლო ობსერვატორიის პარტნიორი უნივერსიტეტების სტუდენტებმა საზოგადოებას საკუთარი გამოგონებები გააცნეს.
ღონისძიებები ჰიბრიდულ ფორმატში ჩატარდა, რამაც შეხვედრებში მონაწილეობის შესაძლებლობა მისცა უცხოეთში მოღვაწე ქართველ მეცნიერებსაც. საიუბილეო ღონისძიებაში ადგილობრივი თვითმმართველობისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები, სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
| Print |