საზოგადოება
შენობის შეწამვლის შემდეგ, არ ვიცი რა ხდება სკოლაში - ნინოწმინდის მერი
სოფელ სამებაში ქვეწარმავლების სიმრავლის გამო დაცლილი სკოლის შენობა ისევ ცარიელია. სასწავლო პროცესი ამ დრომდე კვლავ ონლაინრეჟიმში მიმდინარეობს.

სპეცალისტებმა 30 აპრილს სკოლაში დეზინფექცია ჩაატარეს და რამდენიმე სახეობის გველის შესასწავლად წაიყვანეს. მაშინ ისინი ამბობდნენ, რომ სკოლის ადმინისტრაცია, რამდენიმე დღეში საგაკვეთილო პროცესის განახლებას შეძლებდა.

სასწავლო დაწესებულების დირექტორი მზექალა მინაძე 30 აპრილს, მეცხრე არხისთვის მიცემულ ინტერვიუში განმარტავდა, რომ საჭირო გახდა განმეორებითი დეზინფექცია. გარდა ამისა, მოიწვიეს სპეციალისტები, რომლებსაც უნდა შეესწავლათ დარჩა თუ არა სკოლაში ბუდეები. დირექტორის თქმით, სპეციალისტების გადაწყვეტილების შემდეგ სწავლა ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

ორდღიანი მცდელობის მიუხედავად, მეცხრე არხი სკოლის დირექტორს მზექალა მინაძეს ვერ დაუკავშირდა. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერმა ანივარდ მოსოიანმა აღნიშნა, რომ სკოლის შენობის შეწამვლის მერე არ ფლობს ინფორმაციას, რა ხდება სამების სკოლაში.

ნინოწმინდის სოფელ სამების სკოლაში, სადაც 14 მოსწავლე სწავლობს, სასწავლო პროცესი აპრილის შუა რიცხვებიდან დისტანციურ რეჟიმზეა გადასული. 30 აპრილს შპს ,,სანიტრის" წარმომადგენლები ჩავიდნენ და სკოლის შენობასა და ეზოში სადეზინფექციო სამუშაოები ჩაატარეს. 

ორი კვირაა მოსწავლეები საკლასო ოთახებში ვერ სწავლობენ, რადგან გველები საკლასო ოთახებში კედლის ბზარებიდან შედიან.
| Print |