საზოგადოება
ანაზღაურების მიღების მიზნით, მოქალაქეებმა, შესაძლოა სისხლი ვეღარ ჩააბარონ
ანაზღაურების მიღების მიზნით, მოქალაქეები სისხლის ჩაბარებას სავარაუდოდ, ვეღარ შეძლებენ. აღნიშნულის მიზნით, კანონში ცვლილებები იგეგმება, რის შედეგადაც 2025 წლიდან სისხლის ჩაბარება ნებაყოფლობითი ხდება, ანაზღაურების გარეშე.

როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია განმარტავს, მცირე ზომის სისხლის ბანკების რეორგანიზაციის შედეგად, ქვეყანაში მხოლოდ 3 სისხლის დაწესებულება იფუნქციონირებს. რეგულირების სააგენტოში კი სპეციალური ერთეული, ქვედანაყოფი ჩამოყალიბდება, რომელიც სისხლის პროდუქტების მოძრაობაზე კონტროლს და მათი ტესტირების პროცესების მონიტორინგს უზრუნველყოფს.

„მოქმედი კანონი მიღებულია 1995 წელს და თანამედროვე სისტემის მოწყობის ბევრი ასპექტი გათვალისწინებული არ არის, შესაბამისად, ევროდირექტივების შესაბამისიც არ არის. ჩვენი მიზანია, სისხლის სისტემა ისე იყოს მოწყობილი, რომ შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს და ევროდირექტივებს"
- განმარტავს მინისტრის მოადგილე. 

გაბუნიას ინფორმაციით, საქართველოში 24 სისხლის ბანკი ფუნქციონირებს, მაშინ როდესაც ლიეტუვას 3 სისხლის დაწესებულება აქვს, ნიდერლანდების სამეფოს კი სულ ერთი აქვს.

,,კანონპროექტის მიზანია ცენტრალიზებული სისტემის შექმნა, რომელსაც ხელშეწყობა ექნება ხარისხის უზრუნველყოფის კუთხით. ასევე, გათვალისწინებულია ეროვნულ დონეზე რეგულირების სააგენტოში, სპეციალური ერთეულის, ქვედანაყოფის ჩამოყალიბება, რომელიც უზრუნველყოფს სისხლის პროდუქტების მოძრაობაზე კონტროლს, მათი ტესტირების პროცესების მონიტორინგს"
- აღნიშნავს გაბუნია.

მისივე თქმით, კანონპროექტი უანგარო დონაციაზეა ორიენტირებული. დონორებისთვის კი გათვალისწინებულია საპატიო წოდების მინიჭება, შესაძლოა იყოს ერთჯერადი ფულადი წახალისებაც, თუმცა, არ იქნება კომერციული ელემენტები. 

გაბუნიას განმარტებით, ახალი კანონპროექტის თანახმად, სამედიცინო დაწესებულებებში დარჩება სისხლის ბანკი, სადაც მომზადებული სისხლი მივა. ბიოლოგიურ მასალას შეინახავენ იმ რაოდენობით, რა რაოდენობაც დაწესებულებას სჭირდება.

„სისხლის დაწესებულება, რომელიც აწარმოებს სისხლს, არ უნდა იყოს სამზე მეტი, რაც ჩვენი ქვეყნის საჭიროებებიდან გამომდინარე საკმარისია”,- აცხადებს მინისტრის მოადგილე.

ამასთან, თამარ გაბუნია დასძენს, რომ ის სამედიცინო პერსონალი, რომელიც სისხლის ბაკებში მუშაობდა, სამედიცინო დაწესებულებებში განთავსებულ სისხლის ბანკში დასაქმდება.


წყარო: "ინტერპრესნიუსი
"
| Print |