საზოგადოება
"ბორჯომის" თანამშრომლები დირექტორთან შეხვედრაზე არ შევიდნენ
"IDS ბორჯომის" თანამშრომლებთან, 12:00 სთ-ზე დაანონსებული შეხვედრა არ შედგა. კომპანიის გენერალურ დირექტორთან ივანე მაჭავარიანთან შესახვედრად, პირველი ჩამომსხმელ ქარხანაში დასაქმებულები არ შევიდნენ. როგორც ისინი განმარტავენ, დირექტორმა შეხვედრაზე მხოლოდ მოქმედი თანამშრომლები მიიწვია, 49 გათავისუფლებული პირისთვის კი არ დაურეკავს. ამბობენ, რომ ივანე მაჭავარიანს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეხვდებიან, თუ მათთან ერთად დათხოვილი თანამშრომლებიც იქნებიან. 

"ვინც გაათავისუფლეს, არ დაურეკავთ, რომ ხვალ მოდი შეხვედრა არისო. მე დამირეკეს და მოვედი. ჩვენ მოთხოვნაა, რომ თუ შეგხვდებიან ყველას ერთად და ცალ-ცალკე არ გვინდა შეხვედრა. ჩვენი მიზანია, რომ ყველანი ერთად შევხვდეთ და ის ადამიანები დააბრუნონ სამსახურში" - აცხადებს ერთ-ერთი დასაქმებული.

"ბორჯომის" თანამშრომლები ამბობენ, რომ მათი მოთხოვნები უცვლელია. ისინი გათავისუფლებული 49 პირის სამსახურში დაბრუნებას, ძველი კონტრაქტით მუშაობის გაგრძელებას და ხელფასის 30%-იან მატებას ითხოვენ. 

"IDS ბორჯომის" თანამშრომლებთან ერთად N1 ჩამომსხმელ ქარხანასთან იმყოფება "პროფკავშირების" ხელმძღვანელი გიორგი დიასამიძეც, რომელიც დასაქმებულთა უფლებებს იცავს. მისი თქმით, მოვლენებს დააკვირდება და შესაბამისად იმოქმედებს. "დღის განმავლობაში ჩვენ აქ ვიქნებით, გავივლით გარკვეული სახის საკითხებს. როგორც თქვენთვის ცნობილია, მიმდინარეობს სამედიაციო პროცესი ამ დროისთვის წარუმატებლად. შესაბამისად, დავაკვირდებით მოვლენებს და იმის მიხედვით ვიმოქმედებთ. ჩვენ მზად ვართ ბრძოლისთვის და თითოეული დასაქმებული ადამიანის უფლებების დაცვისთვის"- აცხადებს გიორგი დიასამიძე. 

დაანონსებულია კიდევ ერთი შეხვედრა 15:00 საათზე, რომელიც გენერალუმა დირექტორმა N2 ჩამომსხმელ ქარხანაში უნდა გამართოს. დათანხმდება თუ არა ივანე მაჭავარიანი დასაქმებულების მოთხოვნას, რომ ყველას ერთად შეხვდეს, უცნობია. 

შეგახსენებთ, რომ "ბორჯომის" თანამშრომლები მაჭავარიანთან შეხვედრას მას შემდეგ ითხოვდნენ, რაც "IDS ბორჯომმა" მინერალური წყლის ჩამომსხმელი ქარხნები გააჩერა და თანამშრომლებს მუშაობის ახალი პირობები შესთავაზა. გენერალურ დირექტორს დღემდე დასაქმებულებთან შეხვედრის სურვილი არ გამოუთქვამს. დღეს კი სასაუბროდ მხოლოდ მოქმედი თანამშრომლები მიიწვია, რაზეც მათ უარი განაცხადეს.
| Print |
თეგები: ბორჯომი /