საზოგადოება
ვაჩიანი-კარწახის გზაზე 800-მდე სატვირთოა გაჩერებული
ახალქალაქი-კარწახის გზატკეცილზე, სოფელ ვაჩიანიდან კარწახის საბაჟო გამშვებ პუნქტამდე 800-მდე სატვირთო ავტომობილია გაჩერებული. JNEWS-ის ინფორმაციით, რიგის მიზეზი სატვირთოების დიდი ნაკადია.

„ვალეს გამშვები პუნქტის დაკეტვის გამო, მანქანების დიდი რაოდენობა დაგროვდა. ამასთან, გაიზარდა სატვირთო მანქანების ნაკადი. რუსეთის ნაცვლად, სატვირთოები ახლა საქართველოს გავლით დადიან. სხვა პრობლემა არ არის" - აცხადებენ საქართველოს საბაჟო კონტროლის სამსახურში.

მანქანების 25 კილომეტრიანი საცობი რამდენიმე დღის განმავლობაში შეიქმნა. სატვირთოების რიგის გამო, სოფელ ვაჩიანიდან საქართველო-თურქეთის საზღვრამდე გზაზე მოძრაობა ცალმხრივია.

დისტრუბუტორთა ასოციაციის პრეზიდენტის, ივა ჭყონიას შეფასებით, ქვეყანა სატრანსპორტო დერეფანში გაზრდილ ტვირთბრუნვას სრულიად მოუმზადებელი შეხვდა, რის გამოც საექსპორტო პროდუქცია მათ შორის, მალფუჭებადი სურსათი, დღეების განმავლობაში საბაჟო გამშვებ პუნქტებზეა გაჩერებული.

“რუსეთ-უკრაინის ომის გამო შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, ეს სიტუაცია რომ შეიქმნებოდა, ამის შესახებ ინფორმაცია უნდა ჰქონოდათ, მაგრამ სამწუხაროდ, რეალობა მივიღეთ ის, რასაც ვუყურებთ. ეს რა თქმა უნდა, ძალიან მძიმედ დაარტყამს არა მხოლოდ ფერმერებს, არამედ ქვეყნის ეკონომიკას... ეს ყველაფერი სამწუხაროდ, ცუნამივით მობრუნდება, რადგან პირდაპირი მნიშვნელობით დაარტყამს ყველა იმ ფერმერსა და მწარმოებელს, რომელთაც მალფუჭებადი პროდუქტი გააქვთ ექსპორტზე”,
- ამბობს ივა ჭყონია.

| Print |